რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი დიდი ოცეულის სამიტზე ინდონეზიის პრეზიდენტის მიწვევას დათანხმდა

ვლადიმირ პუტინი

ინდონეზიის პრეზიდენტის, ჯოკო ვიდოდოს თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა მის მოწვევას დიდი ოცეულის (G20) სამიტზე, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 2022 წლის ნოემბერში ჩატარდება. 

"ინდონეზიას G20-ის გაერთიანება სურს. არ დავუშვათ გაყოფა. მშვიდობა და სტაბილურობა არის მსოფლიო ეკონომიკის გაუმჯობესებისა და განვითარების გასაღები". – თქვა ვიდოდომ. 

ვიდოდომ გასულ დღეებში G20-ის სამიტზე მოწვევა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც გაუგზავნა. ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა, თუმცა არ უთქვამს, დაესწრება თუ არა შეხვედრას.

ამ კვირაში ვიდოდომ სატელეფონო საუბარი გამართა როგორც პუტინთან ისე ზელენსკისთან. მან პუტინთან ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინაში ომის "დაუყოვნებლივი" დასრულება. ახსენა ინდონეზიის სურვილიც, წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრაში.

ზელენსკისთან დაკავშირების დროს კი მან თქვა, რომ ინდონეზია მზადაა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს, მაგრამ არა სამხედრო დახმარება, რაც მისივე თქმით, ქვეყნის კონსტიტუციითა და საგარეო პოლიტიკის პრინციპებით აკრძალულია.

კომენტარები