კულტურის სამინისტრო

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულ პირს სარჩელის დიდი ნაწილი დაუკმაყოფილდა – იურისტი

საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ყოფილი თანამშრომლის, ირმა მანაგაძის გათავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო და კულტურის სამინისტროს მისთვის კომპენსაციისა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა - ინფორმაციას Justice League-ს იურისტი, დიტო ხვიჩია ავრცელებს. 

იურისტის თქმით, სასამართლოში ითხოვდნენ - დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, კომპენსაციის დაკისრებასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების დაკისრებას. მისივე ინფორმაციით, სასამართლოში კომპენსაციის სახით 10 560 ლარის ანაზღაურებას ითხოვდნენ, თუმცა, სასამართლომ ეროვნულ მუზეუმს კომპენსაციად 2 000 ლარის გადახდა დააკისრა. ასევე 15 იანვრის შემდეგ, მანამ, სანამ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ეროვნულმა მუზეუმმა ყოფილ თანამშრომელს ყოველთვიური ხელფასი, 440 ლარი უნდა გადაუხადოს.   

როგორც ხვიჩია ტაბულასთან საუბარში ყვება, ირმა მანაგაძის საქმეზე 4 მოთხოვნიდან სასამართლომ მხოლოდ 1 არ დააკმაყოფილა - ყოფილი თანაშრომლის სამსახურში აღდგენის მოთხოვნა. დიტო ხვიჩია განმარტავს, რომ სამინისტროები კანონის ხარვეზს იყენებენ - სასამართლოზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ირმა მანაგაძის პოზიცია ამჟამად ვაკანტური არ იყო, შესაბამისად, მას საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ვერ დააბრუნებდნენ. 

"მოთხოვნებიდან უმრავლესობა დაკმაყოფილდა. ბალანსი დაიცვა სასამართლომ - 10 000 რომ პირდაპირ დაეკისრებინა, ძალიან დიდი თანხა გამოვიდოდა. ამიტომ, განაცდურის სახით დაკომპენსირდა. 

მუზეუმის განცხადება, რომ [მოთხოვნა] არ დაუკმაყოფილდა, ფორმალისტურად არის დაწერილი. 1 ნაწილი არ დაგვიკმაყოფილდა 4-იდან". - ამბობს დიტო ხვიჩია.  

ეროვნული მუზეუმის ყოფილ თანამშრომელს გათავისუფლების შესახებ 2022 წლის 14 იანვარს აცნობეს - მუზეუმმა მას შეატყობინა, რომ დაკავებული პოზიცია მომდევნო დღიდან, 15 იანვრიდან უნდა დაეტოვებინა. მანაგაძეს ნახევარი თვის კომპენსაცია გადაუხადეს, რაც, იურისტის შეფასებით, კანონდარღვევაა. ხვიჩიას თქმით, თანამშრომელს ხელი ჰქონდა მოწერილი დოკუმენტზე, რომ მუზეუმში, შესაძლოა, რეორგანიზაცია დაწყებულიყო, რაც, მისივე სიტყვებით, სამსახურიდან გათავისუფლებას არ გულისხმობდა - სასამართლოზე საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა აღნიშნული დოკუმენტი გამოიყენა. 

გუშინ, 8 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ სასამართლომ კომპენსაციაზე ირმა მანაგაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მუზეუმის განცხადებაში ნახსენები არ ყოფილა სხვა დაკმაყოფილებული მოთხოვნები. 

"თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის ირმა მანაგაძის სასარჩელო მოთხოვნა კომპენსაციის სახით 10 560 ლარის გადახდისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა". - წერია განცხადებაში. 

განცხადებას გამოეხმაურა ირმა მანაგაძეც:  

"მეგობრებო, კოლეგებო, გულშემატკივრებო! სასამართლომ გამოიტანა განაჩენი მუზეუმიდან ჩემი უსამართლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით. (დოკუმენტი ჯერ ხელზე არ გადმომცემია, ამიტომ პოსტს ვერ დავურთავ). აღიარა რა ჩემი უკანონო გათავისუფლება, სასამართლომ კულტურის სამინისტროს დააკისრა კომპენსაციისა და განაცდურის ანაზღაურება!! სამწუხაროდ სამსახურში აღდგენა არ დაკმაყოფილდა, მაგრამ არაუშავს, დრონი მეფობენ და არა მეფენი. ადრე თუ გვიან მე აუცილებლად დავბრუნდები მუზეუმში". 

კომენტარები