საქართველოს პროკურატურა

კომპანია მელაძის მფლობელზე ძებნა გამოცხადდა – პროკურატურა მას თაღლითობას ედავება

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ავეჯის მწარმოებელი კომპანია მელაძის მფლობელ ვაჟა მელაძეზე ძებნა გამოაცხადეს. მანამდე, მელაძეს თაღლითობის გამო ბრალი წარედგინა - უწყება მას 26 მოქალაქის 473 252 ლარის თაღლითური გზით დაუფლებას ედავება. მათივე ცნობით, სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიებად 7 000 ლარის შეფარდების შემდეგ მელაძე მიიმალა.  

პროკურატურის განცხადების მიხედვით, გამოძიებით დადგენილია, რომ მელაძე, ცოლთან და კიდევ ერთ ადამიანთან ერთად, მოქალაქეებს სასურველი ავეჯის დამზადების პირობას აძლევდა. 

უწყების ცნობით, გირაოსთან ერთად, მელაძეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება და პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე, აეკრძალა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა. თუმცა ბრალდებული გამოძიებას მიემალა. 

"აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეიცვალა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა". - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, მელაძეს თავდაპირველად ბრალდება 2022 წლის 25 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით (სამი ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა. მათივე ცნობით, ბრალდების წარდგენის შემდეგ, საგამოძიებო ორგანოს თაღლითობის ფაქტებზე კიდევ ათეულობით დაზარალებულმა მიმართა. შესაბამისად, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, 25 ოქტომბერს წარდგენილი ბრალდება დაზუსტდა, მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (20 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (6 ეპიზოდი) წარედგინა. 

"ამასთან,  იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ბრალდებულს უკანონოდ აქვს გადაკვეთილი საქართველოს საზღვარი, აღნიშნულ ნაწილში მისი ბრალდება დამძიმდება და დამატებით წარედგინება ბრალდება შესაბამისი მუხლით". - ვკითხულობთ განცხადებაში.   

 საქმეზე კიდევ 2 ადამიანია ბრალდებული - ერთ-ერთი მელაძის ცოლია. 

რაც შეეხება მელაძის ცოლს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) (17 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (3 ეპიზოდი) წარედგინა.   

"საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულის მეუღლე, უშუალოდ იყო ჩართული თაღლითურ სქემაში,  იყო კომპანია "მელაძის" დამფუძნებელი, პირადად მონაწილეობდა საწარმოს მართვაში და მისი მითითებით ხდებოდა დაზარალებულების თანხების განკარგვა. ვინაიდან, აღნიშნული პირიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი და იმყოფება მიმალვაში,  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე,  თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა". - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქმეზე კიდევ ერთ ადამიანს კი ბრალდება 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) (4 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (2 ეპიზოდი) წარედგინა და მას აღკვეთის ღონისძიებად 15 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 

"სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება. საგამოძიებო ორგანოს თითქმის ყოველდღიურად მიმართავენ ახალი დაზარალებულები. ამ დროისათვის საქმეში  ფიგურირებს  47 დაზარალებული და მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 719 408 ლარს. ამასთან, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბრალდებულის მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე სხვათა პერსონალური მონაცემების გავრცელებასთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება სხვისი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე დაიწყო". - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები