დაპირისპირება ენმ-ში

ნონა მამულაშვილი: ვტოვებ პარლამენტს და ნაციონალურ მოძრაობას

ნონა მამულაშვილის თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და პარლამენტს ტოვებს. ამის შესახებ მამულაშვილი FACEBOOK-ზე წერს. 

ის აღნიშნავს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი, საქართველოს ისტორიაში "ყველაზე სამარცხვინოა", ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი "პოლიტიკისგან დიდი ხანია დაცლილია". 

მამულაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტს და ნაციონალურ მოძრაობას

ორი წლის წინ პოლიტიკასა და პარლამენტში ერთადერთი მიზნით მოვედი, რომ მემუშავა ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ანუ, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული გარემოს შესაქმნელად.

გარემოში, სადაც სიღარიბე და უიმედობა ერთად ტანჯავს ქვეყანას, როცა ციხეში პოლიტიკური პატიმრები არიან, ოლიგარქიულმა სისტემამ კი ევროპული მომავალი ხელიდან გამოგვგლიჯა - საქართველოს პარლამენტი ქცეულია ადგილად, სადაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება და ვერაფერი გაკეთდება.

მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში, ამას საზოგადოების მხოლოდ 16 პროცენტიანი ნდობაც ადასტურებს. ამ პარლამენტის უმრავლესობამ ხელი მოაწერა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის ნგრევას, რითიც უღალატა ყველა წინა მოწვევის პარლამენტის სულისკვეთებას და რაც მთავარია, ხალხის ნებას.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან. სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას. ტრაგიკული ისაა, რომ ეს ერთსა და იმავე დროს ყველას და არავის ბრალია, რაც პოლიტიკურ ჩიხს კიდევ უფრო ამყარებს.

მე დღესაც, როგორც 2020 წელს იგივე და მარტივი მიზანი მაქვს - მოქმედება. ვხედავ, რომ დღეს ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობა პარტიული პოლიტიკის გარეთ უფროა შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ, ვუერთდები გიორგი ხვედელიანისა და ბექა ყორშიას მიერ თანამოაზრეებთან ერთად შექმნილ ინოვაციურ პლატფორმა "გამზირს" 

გიორგის პარტიაში ყოფნისას, ჩვენ დაგვიგროვდა ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის გამოცდილება, მისი ხედვები იყო და რჩება ყველაზე საინტერესო ხედვებად, რაც გარშემო მომისმენია. ჩვენ ერთად, “გამზირის” პლატფორმაზე მალე დავიწყებთ ძალიან საინტერესო პროექტს - “რეისი”

გარდა ამისა, მე და გიორგი, ჩვენს ქართველ, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ვმუშაობთ მასშტაბური, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო საერთაშორისო პროექტის დასაწყებადაც. რისი მიზანიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის დასავლური მომავლისთვის ბრძოლა იქნება.

ნონა მამულაშვილი მეორეა, ვინც ბოლო ორ კვირაში პარტია დატოვა.  20 ოქტომბერს, ენმ ნიკა ობოლაძემ დატოვა. მისი თქმით, ამ ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობაში ვერ ხედავს იმ ძალას და ენერგიას, რომელიც შეძლებს ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან. 


25 სექტემბერს მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა და ენმ-ს მხარდამჭერმა გიორგი მუმლაძემ FB-Live ჩაწერა, სადაც ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, მელიამ პასუხი Facebook-ზე "აქტიურობის გამო" მოსთხოვა. გიორგი მუმლაძის თქმით, მისი ამოცანაა, რომ "ნიკა მელია პანღურით იქნეს გაგდებული პარტიიდან". მანვე აღნიშნა, რომ პარტიის მხარდამჭერისთვის მნიშვნელოვანია, თავმჯდომარე ასეთი "მოძალადე" არ იყოს.

მეორე დღეს, "გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო" განცხადება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. ენმ-ს განმარტებით, TV პირველის გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებული იყო საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. პარტიის ცნობით, საკითხის გარკვევის მიზნით აქტივისტთან და მისი გუნდის წევრებთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

"შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაიყვანეს" - აცხადებს ენმ.

იმავე დღეს, პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა ენმ-ს ყოფილმა დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა. ღამით კი, მუქარაზე მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პარტიის წევრი, თენგო სანაია დააკავეს.

კომენტარები