თბილისის მერია

"სამუშაოები დასრულებულია, პროცედურები მიმდინარებს" – კალაძე მეტრო გოცირიძეზე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურ გოცირიძეზე, რომლის გახსნაც მრავალჯერ გადაიდო, სამუშაოები დასრულებულია - მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ექსპლუატაციის პროცედურები.

"რაც შეეხება გოცირიძის მეტროს, სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. ეს არის მე-5 კატეგორიის შენობა-ნაგებობა და ექსპლუატაციაში მას იღებს ეკონომიკის სამინისტრო. შესაბამისად, მიმდინარეობს ეს პროცედურები და როგორც კი დასრულდება, შესაძლებელი იქნება, ადამიანებმა ისარგებლონ". - ამბობს კახა კალაძე. 

იმას, თუ რამდენად უსაფრთხო არის პროექტი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ოპოზიცია. ევროპული საქართველოს წევრის, ბესო დონაძის თქმით, კახა კალაძის მიერ ჩატარებულ პროექტებს საზოგადოების ნდობა არ გააჩნია. 

"კალაძე რომელ პროექტზეც იტყვის, რომ ეს პროექტი არის უსაფრთხო და არის სტანდარტებში, ზუსტად ის პროექტი არის შესამოწმებელი. კალაძეს არ გააჩნია კომპეტენცია, შესაბამისად, ამ არაკომპეტენტურმა ადამიანმა მერიაშიც მიიყვანა არაკომპეტენტური პირები. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამისთვის საკმარისია. 

მის მიერ გაკეთებულ და ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს არ გააჩნია საზოგადოების ნდობა. მოსახლეობა ვეღარ ენდობა კალაძეს, რომ მის მიერ განხორციელებული პროექტები იქნება უსაფრთხო". - ამბობს დონაძე.

მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა და 2020 წელს შპს კაიზერთან 3.15-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა. სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო და თბილისის მერი, კახა კალაძე პირობას იძლეოდა, რომ რეაბილიტაცია სამ თვეში დასრულდებოდა. 

მეტროსადგურის დაკეტვიდან ცხრა თვეში სამხარაულის ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ბაქნის რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ის კრიტიკულადაა დაზიანებული და მთლიანად თავიდანაა ასაშენებელი.   

სატენდერო პირობების თანახმად, 3 მილიონის სანაცვლოდ შპს კაიზერს სარემონტო სამუშაოები 210 დღეში უნდა დაესრულებინა, თუმცა დოკუმენტით განსაზღვრული ვადები არაერთხელ დაარღვია, რის გამოც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ახალი კონტრაქტი შპს მამისონთან გააფორმა, რომელმაც განსაზღვრული სამუშაოები, დაახლოებით, 4.7 მილიონი ლარის სანაცვლოდ უნდა შეასრულოს.

2021 წლის დეკემბერში კახა კალაძემ ახალი პირობა დადო. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდებოდა ანუ 2022 წლის ივლისში.   

თუმცა, 2022 წლის ივლისში მეტროსადგური არ გახსნილა - ოქტომბერში მერმა თქვა, რომ მგზავრები მეტროსადგურით სარგებლობას "ძალიან მალე" შეძლებენ.  

გოცირიძის გახსნამდე დიდუბიდან გოცირიძემდე დედაქალაქის მერიამ ავტობუსი N169 დანიშნა.  

კომენტარები