ომბუდსმენობის კანდიდატები

ომბუდსმენობის კანდიდატი რელიგიურ უმცირესობებზე: პრიორიტეტს ქრისტიანობას მივანიჭებ

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატის, მაკა მინდიაშვილის მოსმენა გაიმართა. მინდიაშვილს დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. ომბუდსმენობის კანდიდატმა კი უპასუხა, რომ როგორც ქრისტიანი, პრიორიტეტს სწორედ მის რელიგიასა და ეკლესიას მიანიჭებს.

ტარიელ ნაკაიძე: რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა. თუ რომელიმე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელს, ანუ თემს საკულტო ნაგებობის მშენებლობის საშუალება არ მისცეს, როგორ დაიცავთ მას?

მაკა მინდიაშვილი: ჩვენი სარწმუნოება არის ქრისტიანობა, ხომ ასეა. 

ტარიელ ნაკაიძე: ჩემი არ არის, მე მუსლიმი ვარ.

მაკა მინდიაშვილი: მუსულმანი ხართ, კი ბატონო.

ტარიელ ნაკაიძე: არა, მე მუსლიმი ვარ.

მაკა მინდიაშვილი: კარგით, ძალიან სასიამოვნოა. სასიამოვნოა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვართ და თუნდაც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ როგორც ქრისტიანი, პირდაპირ გეტყვით - მე პრიორიტეტს ჩემს ეკლესიებსა და ჩემს ქრისტიანობას მივანიჭებ. თქვენ სადაც გინდათ, იქ ილოცეთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ტარიელ ნაკაიძე: სამლოცველო თუ არ მაქვს?

მაკა მინდიაშვილი: ა, არ გაქვთ სამცლოველო?

ტარიელ ნაკაიძე: აშენება თუ მინდა, ესე იგი, ალბათ, არ მაქვს.

მაკა მინდიაშვილი: შეიძლება, გაქვთ, მაგრამ, დავუშვათ და გვერდზე კიდევ გინდათ აშენება.

ტარიელ ნაკაიძე: გასაგებია.

პარლამენტში სახალხო დამცველობის 13 კანდიდატს უკვე მოუსმინეს. სანამ კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, დეპუტატებმა კიდევ 6 კანდიდატს უნდა მოუსმინონ.

 

კომენტარები