სახალხო დამცველი

ლომჯარია: უცხო პირები ბავშვებთან ურთიერთობას და მათ წაყვანას ცდილობენ – 5 საქმეს ვსწავლობთ

განათლების სამინისტრო

სახალხო დამცველის აპარატი სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებებს შეეხება. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ინფორმაციის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში უცხო პირები სასწავლო დაწესებულებებთან თუ საჯარო სივრცეებში სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას და მათთან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე დაყოლიებას

"გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სახალხო დამცველი უკვე სწავლობს მსგავს ხუთ სავარაუდო შემთხვევას, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საზოგადოების ინფორმირებას ამ საკითხზე; ამასთან, მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს – განახორციელონ პროაქტიული და კოორდინირებული ქმედებები". – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ:

  • ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მკაცრად გაკონტროლდეს უცხო პირთა გადადგილება. ხოლო, ბავშვებისთვის საფრთხის, ან საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ბავშვებს და მშობლებს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში, საფრთხისგან თავის არიდების რა მექანიზმები არსებობს და ვის უნდა დაუკავშირდნენ;
  • საზოგადოებამ მსგავსი ფაქტების შემჩნევის შემთხვევაში გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დროულად მიმართოს სამართალდამცავებს, მათ შორის, დააფიქსიროს შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში – 112.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ისინი სავარაუდო შემთხვევებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას შეისწავლის და თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს.

კომენტარები