საქართველო-ევროკავშირი

"ხალხთან, რომელიც ოკუპანტისგან ფულს იღებს, სადებატო არაფერია" – ოცნების პასუხი 3 პარტიას

ქართული ოცნება 3 ოპოზიციურ პარტიასთან საჯარო დებატების გამართვას არ აპირებს. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. 

დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საქართველო მიდის თავისი გზით, "მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ქართველი ორჯონიკიძეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს ამ გზაზე სიარულს ხელი შეუშალონ". 

მისივე თქმით, აღნიშნულ პოლიტიკოსებს ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების განხილვებში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

"არც ვაშაძე და მისი ფრაქცია თუ ჯგუფი, არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფში ჩართული არ იყო. არც ერთ საკომიტეტო მოსმენაზე მათ რაიმე პოზიცია, რომელიმე რეკომენდაციასთან დაკავშირებით, არ გამოუთქვამთ. დანარჩენ ორზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლებმაც პარლამენტი საერთოდ დატოვეს იმ მიზნით, რომ საბოტაჟი ბოლომდე გაეგრძელებინათ".- ამბობს ქადაგიშვილი. 

დეპუტატი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე ახლა უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ დადიან და ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევიან. 

"ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო პროპაგანდისტები. ამ ადამიანებს არავითარი ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით არ აქვთ. მათ არ აქვთ ჩვენს საზოგადოებასთან მისვლის და მათგან მხარდაჭერის მიღების რესურსი და დადიან ახლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციას და კამპანიას ეწევიან. ეს არის სამარცხვინო საქციელი. ეს არის საბოტაჟი ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ. ამას ხალხი ყოველთვის ადეკვატურად აფასებს.. ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს".- თქვა ანრი ოხანაშვილმა


დროა, გირჩი მეტი თავისუფლება და სტრატეგია აღმაშენებელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ქართულ ოცნებას "ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე" შეხვედრას სთავაზობენ. პარტიების განცხადებით, სურთ ახსნან, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები თითოეულ პუნქტთან მიმართებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ თუ არ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 

კომენტარები