ომბუდსმენობის კანდიდატები

ტარიელ ნაკაიძე ომბუდსმენობის კანდიდატს რელიგიურ შეუწყნარებლობაში ადანაშაულებს

უკვე ორი დღეა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ვუსმენთ სახალხო დამცველის კანდიდატებს.

დღეს სხდომაზე დეპუტატების წინაშე წარსდგა სახალხო დამცველის ერთ-ერთი კანდიდატი, თინათინ არქვანია, რომელსაც საქართველოში უმცირესობების უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ დავუსვი კითხვები და ამ კონტექსტში რელიგიური უმცირესობის უფლებების შეფასება ვთხოვე.

მომხსენებლის მიერ გამოჩენილი დამოკიდებულების და გაცემული პასუხების შინაარსობრივი პრობლემურობის გამო საჭიროდ მივიჩნიე საჯაროდ გამეკეთებინა განცხადება.

ქალბატონმა არქვანიამ ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე ბათუმის თავისუფლების მეჩეთის მშენებლობის შესახებ, თუ რას ფიქრობდა სასამართლოს მიერ დადგენილ დისკრიმინაციაზე სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ და მოგვესმინა პასუხი, სახალხო დამცველის კანდიდატმა საკითხი განიხილა როგორც აჭარაში პანთურქისტული მოძრაობების არსებობის კონტექსტში და სრულიად დაუსაბუთებელი დამოკიდებულებით და სტერეოტიპული რწმენით აჭარა პრობლემატურ ადგილად მონიშნა, რაც ისლამოფობიური განწყობების განმტკიცების მნიშნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. ქალბატონი არქვანია, საკითხს სიღრმისეულად არ იცნობს და გარკვეულწილად ეს გასაგებია, მაგრამ სახალხო დამცველობის პრეტენზიის მქონე კანდიდატის მხრიდან ამდაგვარი მადისკრედიტებელი მიდგომა უაღრესად პრობლემურია.

ქალბატონმა არქვანიამ აჭარის და ზოგადად ქართველი მუსლიმების უფლებრივ საკითხზე მსჯელობისას, პანთურქისტული განწყობის შესახებ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ცინიკურად იკითხა ჩემი თურქული და არაბული ენების ფლობასთან დაკავშირებით და თითქოს ჩემი თურქეთში მიღებული განათლება არის უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების შესაძლებლობა საქართველოში, რაც პერსონალურ შეურაცხყოფასთან ერთად სრულიად არასახელმწიფოებრივ მიდგომას უსვამს ხაზს. აშკარაა, რომ ქალბატონი თინათინის მიდგომა, სერიოზული პრობლემის შემცველია რელიგიური უმცირესობების და განსაკუთრებით ქართველი მუსლიმების კონტექსტში, ფსევდო უსაფრთხოების პოლიტიკის არგუმენტირებით.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი მიხეილ სარჯველაძე საკმაოდ ხშირად ცდილობს დეპუტატების მიერ დასმული კითხვების შინაარსში შევიდეს და პარალელურად ხელი შეუშალოს პროცესის შესაბამისი მიმართულებით წარმართვას. დღევანდელ სხდომაზე ჩემი გამოსვლის დროსაც მსგავსის მცდელობა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, ზიანს აყენებს კომიტეტის ეფექტიან საქმიანობას.

პარლამენტის დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე, სახალხო დამცველის კანდიდატის, თინათინ ექვანიას შესახებ FACEBOOK-ზე წერს. 

კომენტარები