პოლიტიკური პროცესი

ბოკერია: პოლიტიკური პროცესის მიმართ ხალხის ნდობა საპარლამენტო ოპოზიციამ ძალიან დააზიანა

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ერთიანობაზე სამი პარტიის შეთანხმების შესახებ ამბობს, რომ რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიერ საკუთარი ამომრჩევლების, მომხრეების რაოდენობის ზრდა და მათი პოლიტიკური მოტივაცია. ბოკერია აღნიშნავს, რომ ამას სჭირდება ნდობის აღდგენა პოლიტიკური პროცესის მიმართ, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ ძალიან დააზიანა. ამასთან, ევროპული საქართველოს ლიდერს აინტერესებს, რა არგუმენტი აქვთ ზურაბ ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას - ამჯერად რატომ შეიძლება "სიტყვის გამტეხი ოპოზიციის" ნდობა.

"ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიერ საკუთარი ამომრჩევლების, მომხრეების რაოდენობის ზრდა და მათი პოლიტიკური მოტივაცია ამ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად - არჩევნების გზით, მერე ხმების დაცვის გზით, მშვიდობიანი პროტესტის გზით. ამას სჭირდება ნდობის აღდგენა პოლიტიკური პროცესის მიმართ, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციმ - ნაციონალურმა მოძრაობამ, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა და ბევრმა სხვამაც ძალიან დააზიანა.

რაც შეეხება კოორდინაციას და ამ გაერთიანების ლოზუნგს, ევროპული საქართველო ვიყავით ინიციატორები საქმიანი კოორდინაციის - საპარლამენტო არჩევნებზეც, ამის შემდეგაც და გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება ნაციონალური მოძრაობისგან, ლელოსგან, სტრატეგია აღმაშენებლისგან, პარტნიორების გადაგდების, მოტყუების, საზოგადოებისთვის სიტყვის გატეხვის, ამიტომ, მე მაინტერესებს, ზურა ჯაფარიძისგან და ელენე ხოშტარიასგან მოვისმინო, რა არგუმენტი, რა საფუძველი აქვთ, რომ ამჯერად ჩვენ გვაქვს ნდობის საფუძველი, აი, ამ პროცესს დაველოდებით, რომ ვნახოთ, რამდენად აქვს აზრი კოორდინაციას" -  ამბობს ბოკერია.


სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა "ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით" კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა. პარტიების ლიდერების თქმით, გაერთიანების გარეშე ქართული ოცნების რეჟიმის დამარცხება "უკიდურესად რთულია" და "სხვებიც ნახავენ, რომ სხვა ალტერნარტივა არ არსებობს". 


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და ოპოზიციის პარლამენტში შეყვანის მიზნით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიცირებით მოლაპარაკებების რაუნდი დაიწყო. 

მალევე, მოლაპარაკებების დასრულებამდე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა. პარტია გირჩის წევრები (ზურაბ ჯაფარიძის გარდა, რომელმაც ეს პარტია მოლაპარაკებების პროცესში დატოვა) პარლამენტში იმავე პერიოდში მივიდნენ, თუმცა, სხდომებს საკანონმდებლო ორგანოში სხვა პარტიების შესვლამდე არ დასწრებიან. 

შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და პატრიოტთა ალიანსის 4 წევრი, რომლებმაც საკუთარ თავს ევროპელი სოციალისტები უწოდეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში რამდენიმე თვეში, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ შევიდა, თუმცა, შეთანხმების ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა, რაც ქართულმა ოცნებამ ის გაუქმებულად გამოაცხადა. 

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ევროპულ საქართველოსა და ლეიბორისტულ პარტიას. ასევე, ცალკეულ დეპუტატებს – კანონი და სამართალის ლიდერს, თაკო ჩარკვიანს და ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას. არცერთი მათგანი მოლაპარაკებებში დამოუკიდებლად არ მონაწილეობდა. თაკო ჩარკვიანს ფორმალურად მოლაპარაკებებზე სტრატეგია აღმაშენებელი წარმოადგენდა, რომლის ბლოკის ფარგლებშიც ის დეპუტატი გახდა. ჩარკვიანი პარლამენტში ენმ-ს წევრებთან ერთად შევიდა. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მან თქვა, რომ ვინაიდან პარტია დატოვა, მისი მანდატი ევროპულ საქართველოს ეკუთვნოდა. 

შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ზურაბ ჯაფარიძეც შევიდა, თუმცა, მან მოგვიანებით ამ ნაბიჯს შეცდომა უწოდა. ჯაფარიძემ პარლამენტი 2021 წლის პირველ ნოემბერს დატოვა, იქიდან ორ კვირაში, პარლამენტმა მას უფლებამოსილება შეუწყვიტა. 

პარლამენტში ამ დრომდე რჩება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, ოპოზიციის რამდენიმე ე.წ დამოუკიდებელი დეპუტატი, ასევე, მოქალაქეები, ევროპელი სოციალისტები და გირჩი.

კომენტარები