26 ივლისის ღამით ბერლინში ყოველწლიური Christopher Street Day (CSD)-ის, იგივე პრაიდის, ღონისძიების მიმდინარეობის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა. პოლიციის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, ხოლო 16 დაშავდა, მათგან რამდენიმე - მძიმედ.
ბერლინის CSD ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური LGBTQ+ ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათიათასობით ადამიანს იზიდავს.
ბერლინის პოლიციის წარმომადგენლის, ფლორიან ნატის განცხადებით, იდენტიფიცირებულია ეჭვმიტანილი, რომელიც, მათი შეფასებით, ბერლინის ისლამისტურ წრეებთან არის დაკავშირებული.
მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ ძებნილია 21 წლის აბდულ ბ.
ამ დროისთვის უცნობია, მონაწილეობდნენ თუ არა თავდასხმაში სხვა პირებიც. დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.
ნატის თქმით, ადგილზე ერთი ქალი დაიღუპა, თუმცა მისი ვინაობისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაშავებულთაგან სამი ადამიანის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია.
ბერლინის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, რვა ადამიანი მძიმედ დაშავდა, ხოლო ხუთმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.




