თანხის მითვისება

კორპუსის ასაშენებლად მიღებული თანხა არ მოახმარეს მშენებლობას - 2 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეების თანხების მოტყუებით დაუფლებისა და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ, შპს სკაიფორტი-ს მოქმედმა და ყოფილმა დირექტორებმა, ქუთაისში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, ფართების მომავალი მესაკუთრეებისგან მიღებული თანხები არ მოახმარეს მშენებლობას და 2015-2024 წლებში, ეტაპობრივად 1 438 777 დოლარი მიითვისეს. ასევე მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლენ 519 900 აშშ დოლარს და 100 800 ლარს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს სკაიფორტის დირექტორმა გაფლანგა შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაყადაღებული, 53 930 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

კომენტარები