საქართველო-აზერბაიჯანი

ღარიბაშვილი: აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია

ბატონო პრეზიდენტო, მივესალმები თქვენ მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას, სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი, სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის მექანიზმის შექმნის თაობაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ არსებულ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო, სატრანსპორტო პროექტებსა და მათ მნიშვნელობაზე. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მეგობარი ქვეყანაა. აზერბაიჯანი კი არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. აგრეთვე, მიმოვიხილეთ ჩვენ მიერ უკვე განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული მნიშვნელობისაა. მათ შორისაა: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი და ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები.

ბატონო პრეზიდენტო, სრულ მზაობას ვადასტურებთ, რომ როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტების რეალიზაციის მიზნით, ჩვენ ურთერთობები მაქსიმალურად გავააქტიუროთ. და ბოლოს, მინდა, მამათქვენს, აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს, ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, ჰეიდარ ალიევს დავესესხო და ის სიტყვები გავიხსენო, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის დროს წარმოთქვა - აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, როდესაც მათ მეზობლად ცხოვრებისა და მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა მიეცათ. ჩვენმა წინაპრებმა ამ ბედნიერების ნაყოფი ნახეს. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ. 

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები