რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ევაკუაციას ხერსონის მარიონეტული ადმინისტრაციაც აპირებს

ვლადიმირ სალდო ცენტრში და მისი ხელქვეითები

ხერსონის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავა "სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის" ყველა "ძალაუფლების" სტრუქტურები და "სამინისტროები".

აქამდე, ცნობილი გახდა, რომ ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ ოლქის მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე "ორგანიზებული გადაადგილება" დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ ქალაქი ოლეშკის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ამას გარდა, ხერსონის ოლქში ერთი კვირით აკრძალეს სამოქალაქო პირთა შესვლა.

ხერსონის მარიონეტულ რეჟიმს მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანა სურს. ამის შესახებ 18 ოქტომბერს ხერსონის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ ისაუბრა. სალდოს განმარტებით, გადაწყვეტილება გამოწვეულია კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაზიანებისა და რეგიონის დატბორვის საფრთხით.

სალდომ 18 ოქტომბერს თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაუყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.

ხერსონის ოლქი რუსეთმა ფსევდორეფერენდუმების ჩატარების შემდეგ საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა. როგორც კრემლში ამბობენ, ანექსირებულ ტერიტორიებს ყველა არსებული საშუალებით "დაიცავენ".

კომენტარები