სიღნაღის სასამართლო

შშმ გერის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილი სიღნაღის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ორი ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყება სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 27 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე წარედგინათ.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული შშმ არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა. ხოლო ბრალდებულის მამა არასრულწლოვანზე სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა.

"ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, რა დროსაც, დაზარალებულმა და მოწმეებმა სრულად დაადასტურეს სექსუალური ძალადობის ფაქტი. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ბრალდებულების მიერ ჩადენილი ძალადობის შედეგად  განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. გამოკვლეულ იქნა აუდიომასალა, სადაც დაზარალებული საუბრობს მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებზე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ორივე ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  პატიმრობიდან გაათავისუფლა.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი საქმეების მიმართ უმკაცრეს სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები