ტრაგედია ვაკის პარკში

დაკავებულია 9 პირი, მათ შორის მერიის სამსახურის უფროსის მოადგილე და გრინსერვისის დირექტორი

თბილისის მერია

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის საქმეზე 9 პირი დააკავეს. ინფორმაცია შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მათ შორისაა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გ.ვ (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), გრინსერვისის და მშენექსპერტის დირექტორები და თანამშრომლები, ასევე, ორი კერძო ელექტროშემდუღებელი. სამინისტროს მტკიცებით, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.

გამოძიების ცნობით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ გრინსერვისის მენეჯერს სთხოვა, შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით. გრინსერვისის დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის გადაწყვეტილებით, ამ სამუშაოს შესრულება დაუკვეთეს მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის - ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელს. 

შსს-ს ცნობით, ნიუ მეტალ დიზაინის დაქირავებულმა ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია. სამუშაოები გრინსერვისის დირექტორმა შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ჩაიბარა ასევე ინსპექტირების გარეშე.

შსს-ს განცხადება სრულად:

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და გრინსერვის +-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნისა და შადრევნის კასკადის სამუშაოების წარმოების შესახებ. 2022 წლის 26 აგვისტოს კი, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი.

ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ - გ.ვ.-მ, გრინსერვის +-ის მენეჯერს - ა. მ.-ს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით.

ა. მ.-მ აღნიშნულის შესახებ აცნობა გრინსერვის +-ის დირექტორს - ლ.ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ დაავალა მას, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის - ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენლის - ლ. ჭ.-სთვის.

ლ.ჭ.-მ, თავის მხრივ სამუშაოების შესრულება დაავალა კერძო ელექტროშემდუღებლებს - გ.გ.-ს და ვ.გ.-ს., ხოლო მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა გრინსერვის +-ის სამუშაოთა მწარმოებელს - ბ. მ.-ს.

2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.

გრინსერვის +-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.

თავის მხრივ, გრინსერვის +-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა - ლ. ჭ.-მ არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო, გრინსერვის + - ის საქმეთა მწარმოებელმა - ბ. მ.-მ არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.

ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, გრინსერვის +-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა მშენექსპერტთან.

მშენექსპერტის დირექტორმა - ნ. ქ.-მ და ინსპექტორმა - დ.თ.-მ მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს გრინსერვის +-ის თანამშრომელს - დ. კ.-ს.

ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და შპს გრინსერვის +-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა გრინსერვის +-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა - დ.კ.-მ, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია შპს მშენექსპერტის დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.

2022 წლის 25 აგვისტოს, დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.

აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს გრინსერვის +-ის დირექტორმა - ლ. ფ.-მ წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გამოძიების დაწყებიდან ამ დრომდე, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში ჩაატარეს რამდენიმე ასეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, არაერთხელ გამოკითხეს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები. გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. მიღებულია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო გამოძიების წინაშე მდგარი საკითხების გარკვევის მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

2022 წლის 18 ოქტომბერს, პოლიციამ ცხრავე პირი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - გ.ვ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი - ლ.ფ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია შპს გრინსერვის+-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელი - ლ.ჭ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს, დაკავებულია გრინსერვის +-ის თანამშრომელი - დ.კ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას, დაკავებული არიან შპს მშენექსპერტის დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დ.თ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია ორი კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ.

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.

გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას მიმდინარე შედეგების შესახებ" - ნათქვამია განცხადებაში.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.

გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

კომენტარები