Politico ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონი ილონ მასკის Starlink-ის უკრაინაში დაფინანსებას განიხილავს, რომელიც უკრაინელ სამხედროებს კომუნიკაციასა და ნავიგაციაში ეხმარება.
წყაროების ინფორმაციით, დაფინანსების სავარაუდო წყარო აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის უკრაინის უსაფრთხოების ინიციატივა იქნება, რომელიც რუსეთთან ომში კიევის მხარდასაჭერად შეიქმნა.
ამასთან დაკავშირებით საუბრები გაიმართა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ილონ მასკმა თქვა, რომ SpaceX-ს არ შეეძლო Starlink-ის განუსაზღვრელი ვადით დაფინანსება უკრაინაში. თუმცა, მან მალევე უკან დაიხია და თქვა, რომ კომპანია უკრაინაში Starlink-ის ინტერნეტის მიწოდებას სრულიად უფასოდ გააგრძელებს.
"ჯანდაბას, მიუხედავად იმისა, რომ Starlink კვლავ კარგავს შემოსავლებს მაშინ, როცა სხვა კომპანიები მილიარდებს იღებენ გადასახადების გადამხდელებისგან, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას". – წერს ილონ მასკი.