რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა გირკინის დატყვევებისა და გადაცემისთვის $100 000-ს გადაიხდის

იგორ გირკინი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ტერორისტი იგორ გირკინის (სტერლიკოვი) დატყვევებისა და უკრაინული მხარისთვის გადაცემაში $100 000-ს გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის დაზვერვის Telegram-ზე გავრცელდა

"ცნობილია, რომ ერთ-ერთმა მთავარმა რუსმა ტერორისტმა გადაწყვიტა, უკრაინის წინააღმდეგ ომი განაახლოს". - წერია დაზვერვის განცხადებაში. 

უკრაინის დაზვერვის ცნობით, იგორ გირკინის წინააღმდეგ ტერორისტული საქმიანობის, წამების, მკვლელობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევისთვის არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

გარდა ამისა, იგორ გირკინი (სტრელკოვი) მალაიზიური MH17-ის ჩამოგდების საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილია. 

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი 2014 წლის 17 ივლისს კუალა ლუმპურიდან ამსტერდამში მიფრინავდა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის თავზე, რუსეთის მხარდაჭერილი ამბოხებულების მიერ გასროლილმა რაკეტამ ჩამოაგდო. სატელეფონო ჩანაწერებით ირკვევა, რომ MH17-ის ჩამოგდებაში მონაწილე ოკუპირებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. ლიდერებს, მათ შორის გირკინს, კრემლის წამყვანი მაღალჩინოსნები მართავდნენ.

ჰოლანდიელი გამომძიებლებით დაკომპლექტებული საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი სამხილებს რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდა, რის შემდეგაც დაკავების ორდერები გამოიცა 4 ეჭვმიტანილზე: სერგეი დუბინსკიზე, ოლეგ პულატოვზე და იგორ გირკინზე, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და ასევე უკრაინის ერთ მოქალაქეზე, ლეონიდ ხარჩენკოზე.

კომენტარები