რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: დაახლოებით 2 კვირაში მობილიზაციის ღინისძიებები დასრულდება

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთში მობილიზაციის ღონისძიებები დაახლოებით ორ კვირაში მორჩება. ამის შესახებ პუტინმა ასტანაში გამართული შეხვედრის ფარგლებში, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ეს სამუშაო უკვე სრულდება. ახლა მობილიზებულია 222 000 ადამიანი 300 000-დან. ვფიქრობ, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ყველა სამობილიზაციო ღონისძიება დასრულდება". – თქვა პუტინმა.

პუტინის მტკიცებით, მობილიზაცია ფრონტის ხაზის სიდიდის გამო დასჭირდათ.

ამას გარდა, პუტინმა აღნიშნა, რომ სამობილიზაციო ბაზის ხარისხი მხოლოდ ამ პროცესის დაწყების შემდეგ გაიგეს და ახლა მის გაუმჯობესებას აპირებენ.

"როდესაც დაიწყო მობილიზაციის ღონისძიებები, მხოლოდ მაშინ გაირკვა, რა ხარისხის იყო ისინი. ეს საინფორმაცია ბაზა ახლა ახლდება თანამედროვე ბაზაზე, თანამედროვე საფუძველზე და ის იქნება მაქსიმალურად სანდო, ამიტომაც, ვფიქრობ, ხარისხიც უნდა გაიზარდოს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ უკვე სრულდება". – თქვა პუტინმა.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

კომენტარები