ვაკის პარკი

კალაძე ვაკის პარკზე: მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს, რომლებიც მუშაობდნენ

თბილისის მერია

"ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, მოეთხოვება [პასუხი] შესაბამის კომპანიებს, რომლებიც მუშაობდნენ". - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ახლადეაბილიტირებულ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევას.

ვაკის პარკში დენმა დაარტყა 2 ბავშვს, რომელიც შადრევანში ჩავიდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ხეჩინაშვილის კლინიკაში ტაბულას უთხრეს, ბავშვები კლინიკაში "შოკით არიან შეყვენილი". 

შემთხვევა დღეს, 13 ოქტომბერს მოხდა - ბავშვები თამაშისას ახლადგახსნილი პარკის შადრევანში ჩავიდნენ, რა დროსაც მათ დენმა დაარყა.  

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.  

გუშინ, 12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა -  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

"გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, მოეწყო დასასვენებელი სივრცეები და საბავშვო ატრაქციონები. პარკს დაემატა ახალი ზონები, რომლებიც ასევე მოწესრიგდა. სამუშაოების მეორე ეტაპი იყო მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია, რომელიც დასრულდა და ულამაზესი გამოვიდა. ძალიან მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებს, რომ ვაკის პარკი იბრუნებს თავის სილამაზეს და ცოცხლდება. 

დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები მთლიანად დასრულდება და ძირითადი კასკადის რეაბილატიაც მოხდება, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თავშეყრის, დასვენებისა და განტვირთვისთვის. გარდა ამისა, რადგან ამ სივრცით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვებისთვის სპეციალური ზონა დავამატოთ, სადაც დამატებით ახალი ატრაქციონები მოეწყობა". - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 

კომენტარები