ვაკის პარკი

"შოკით არიან შემოყვანილი" – ვაკის პარკში შადრევანში ჩასული 2 ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის მერია

ვაკის პარკში დენმა დაარტყა 2 ბავშვს, რომელიც შადრევანში ჩავიდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

როგორც ხეჩინაშვილის კლინიკაში ტაბულას უთხრეს, ბავშვები კლინიკაში "შოკით არიან შეყვანილი". 

შემთხვევა დღეს, 13 ოქტომბერს მოხდა - ბავშვები თამაშისას ახლადგახსნილი პარკის შადრევანში ჩავიდნენ, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა.  

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.  

გუშინ, 12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა -  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

"გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, მოეწყო დასასვენებელი სივრცეები და საბავშვო ატრაქციონები. პარკს დაემატა ახალი ზონები, რომლებიც ასევე მოწესრიგდა. სამუშაოების მეორე ეტაპი იყო მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია, რომელიც დასრულდა და ულამაზესი გამოვიდა. ძალიან მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებს, რომ ვაკის პარკი იბრუნებს თავის სილამაზეს და ცოცხლდება". - თქვა მერმა, კახა კალაძემ. 

მერიის ცნობით, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაობის ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები