რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოსტინი: უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს მაქსიმალურად სწრაფად მივაწვდით

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მაქსიმალურად სწრაფად მიაწვდის. ამის შესახებ ოსტინმა ბრიუსელში, რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე ისაუბრა. 

"თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს კიევს იმ სისწრაფით მივაწვდით, რამდენადაც  ფიზიკურად შესაძლებელი იქნება მათი უკრაინის ტერიტორიაზე ჩატანა. ეს არის მთავარი პრიორიტეტი, რაზეც ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ. ჩვენ ვაპირებთ მივაწოდოთ სისტემები, რომლითაც აშშ-ა აღჭურვილი, რომელიც გერმანიის მსგავსი ქვეყნებისთვისაა ხელმისაწვდომი. 

ჩვენ ასევე ვეცდებით უკრაინას დამატებით აღჭურვილობაც მივაწოდოთ იმ სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინული ძალები ახლა ბრძოლის ველზე იყენებენ". - თქვა ოსტინმა. 

ოსტინმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს - 50 ქვეყნის მაღალჩინოსნებს ესმით, თუ რამხელა შეშფოთებას იწვევს რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა. 

"უკრაინელი ხალხის დასაცავად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია და რაც მთავარია - ძალიან სწრაფად. უკრაინის საკითხი მნიშვნელოვანია 50-ივე სახელმწიფოს მაღალჩინოსნებისთვის, მათი ჩართულობა ხელს უწყობს ძალების იმაზე სწრაფად მობილიზებას, ვიდრე ეს სხვაგვარად იქნებოდა შესაძლებელი". - თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა. 

დღეს, 12 ოქტომბერს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-6 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 50 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინის სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებით დიდი ყურადღება უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის უფრო თანამედროვე სისტემების მიწოდებას დაეთმო. 

10 ოქტომბრიდან დღემდე რუსეთის 100-ზე მეტ სარაკეტო თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე 26 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც უკრაინული მედია UNIAN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთმა მოიპარა, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს და ყირიმის ხიდი მხოლოდ დასაწყისია.

კომენტარები