ყირიმის ხიდის აფეთქება

"ФСБ ფეიკ სტრუქტურაა" – უკრაინის დაზვერვა ყირიმის ხიდის აფეთქების ბრალდებას ეხმაურება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ეხმაურება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ბრალდებას, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის დაზვერვის მიერ იყო მომზადებული.

"სისულელეა ФСБ-სა და [რუსეთის] საგამოძიებო კომიტეტის ყველა საქმიანობა. ეს არის ფეიკ სტრუქტურები, რომლებიც პუტინის რეჟიმს ემსახურებიან, ამიტომ, მათ მორიგ განცხადებაზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებთ". – თქვა უკრაინის დაზვერვის სპიკერმა, ანდრიი იუსოვმა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მათ დაადგინეს ყირიმის ხიდის აფეთქების ორგანიზატორების ვინაობა. მათი მტკიცებით, აფეთქება უკრაინის სადაზრვერვო სამსახურმა, ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვის მეთაურობით დაგეგმა. 

რუსული მხარის მტკიცებით, პროცესებში მონაწილეობდა საქართველოს 2 მოქალაქეც. აღძრულ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს 8 პირი, აქედან რუსეთის 5 მოქალაქე და 3 უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები.

რუსეთის ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა შენიღბული იყო  სამშენებლო პოლიეთილენის რულონებში. მათი მტკიცებით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი თავდაპირველად უკრაინიდან, ოდესის პორტიდან ბულგარეთში, ქალაქ რუსეში გაგზავნეს, აქედან საქართველოში, ფოთის პორტში, ამის შემდეგ კი სომხეთში. რუსეთის ვერსიის მიხედვით, ტვირთი სომხეთიდან კვლავ საქართველოში დააბრუნეს, საიდანაც რუსეთში გადაიტანეს.

ФСБ-ს მტკიცებით, გადაზიდვების პროცესში, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს ორი მოქალაქე, სანდრო ინოსარიძე და ბროკერი, სახელად ლევანი.

ФСБ ამბობს, რომ 4 ოქტომბერს საქართველოში დარეგისტრირებულმა სატვირთო მანქანამ ასაფეთქებელი მასალით დატვირთული ბარგი ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით გადაიტანა.

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, "ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილი ტერორისტული აქტია". 

ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინულ ქალაქებში მდებარე ობიექტებზე, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშები მიიტანა. ისროლეს ათეულობით რაკეტა. იერიში მიიტანეს დედაქალაქ კიევზეც. თავდასხმების შედეგად რამდენიმე უკრაინულ ქალაქსა და ოლქში წყლისა და ელექტროენერგიის მომარაგება შეწყვეტილია.

კომენტარები