ლიბერალიზმი

ბოკერია: ენა, მამული, სარწმუნოება სწორედაც რომ ლიბერალურია, თავისუფალი ხალხის არჩევანია

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, წლებია, პუტინისტური, ანტიქართული პროპაგანდის ნაწილია ნარატივი, თითქოს თავისუფლების იდეა, ლიბერალური დემოკრატია და კლასიკური ლიბერალიზმი არის მტერი ქართული იდენტობის, სარწმუნოების, სამშობლოს სიყვარულის, პატრიოტიზმის და ოჯახის. როგორც ბოკერიამ TV პალიტრას ეთერში თქვა, ამ იდეას დღესაც აგრძელებს ნაციონალური მოძრაობის ერთერთი სპიკერი, გუბაზ სანიკიძე.

"ამ იდეას ავითარებს და ამბობს, რომ თითქოს ენა, მამული, სარწმუნოება ნეოლიბერალიზმთან არის შეუთავსებელი... ალტ ინფოც იგივეს იძახის - ილიას ლიბერალობას როგორ აბრალებენ, კაცმა, ენა, მამული, სარწმუნოება თქვაო, თითქოს ეს წინააღმდეგობაში იყოს.

ამიტომ ვიხსენებ ხოლმე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ილიას სიტყვები მაგაზე. ენა, მამული, სარწმუნოება სწორედაც რომ ლიბერალური, თავისუფალი არჩევანის ხალხის არჩევანია, თორემ სარწმუნოების თავისუფლებას კი არ ებრძოდა ილია, პირიქით, ამაზე ტრაქტატები აქვს დაწერილი" - თქვა ბოკერიამ, ილია ჭავჭავაძის პასუხის პასუხი წაიკითხა და აღნიშნა, რომ ეს ლექსი ილიას დღევანდელობაზე აქვს დაწერილი.

"ხომ გეუბნებით, რომ დღევანდელ დღეზე აქვს დაწერილი ამ კაცს. ეს სიტყვები ამ კაცს ნათქვამი აქვს ზუსტად ეგეთ ხალხზე, ალტ-ინფოზე, გუბაზზე, ივანიშვილის რეჟიმზე. ანუ ამ ხალხმა მოიგონა რაღაცა, იყენებენ იმ დისკუსიას ექსტრემისტ-მარქსისტების, თითქოს ამაზე იყოს დისკუსია... რას ნიშნავს ეკლესიასთან ბრძოლა? ანუ სარწმუნოების თავისუფლების დაცვა? უმცირესობის დევნა რომ არ შეიძლება, ამათ ჰგონიათ, ტრადიციული ლიბერალი კონსერვატორი ძალადობის მომხრეა უმცირეობის მიმართ? მოიგონეს ეს ამბავი, იძახიან, რომ "ამათმა დაღუპეს" და იარლიყს გვაწებებენ.

ამიტომ, უნდა გვახსოვდეს ის, რაზეც იდგა ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფოს ფუძემდებლები -  ეს იყო ჩვენი თავისუფლება, პასუხისმგებლობა, რადგან პასუხისმგებლობის გარეშე თავისუფლებას ვერ დაიცავ. და ეს არის მტრის და მოყვარის გარჩევა, და ფარისევლების დაკრულზე არაყოლა"  - ამბობს გიგა ბოკერია.

კომენტარები