რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი: უკრაინის ომის დასრულება მხოლოდ დონალდ ტრამპს შეუძლია

Chris Kleponis/Pool/Bloomberg

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინაში ომის დასრულება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია, რადგან აშშ-სა და რუსეთს სწორედ ის მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისთვის პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებისკენ.

ბერლინში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას ორბანმა თქვა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "ძალიან შორს წავიდა", როდესაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა და თქვა, რომ "ის ხელისუფლებაში ვერ დარჩება".

"ეს ბაიდენს ძალიან გაურთულებს მშვიდობის დამყარებას. შეიძლება უხეშად ჟღერდეს, თუმცა მშვიდობის იმედი დონალდ ტრამპის სახელს უკავშირდება". – თქვა ორბანმა.

ორბანი, რომელმაც 2022 წლის არჩევნებში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, პოზიციონირდება იმ იდეოლოგიის ლიდერად, რომელსაც თავად "არალიბერალურ დემოკრატიას" უწოდებს. იგი ხშირად აპროტესტებს იმიგრაციას, გლობალიზმსა და გენდერულ საკითხებს, რის გამოც ევროკავშირის სტრუქტურებთან არაერთი კონფლიქტი აქვს. გასულ თვეს ევროკავშირის კანონმდებლებმა უნგრეთის ხელისუფლება კვლავ გააკრიტიკეს დემოკრატიული უკუსვლის გამო და ქვეყანას "საარჩევნო ავტოკრატიის ჰიბრიდული რეჟიმი უწოდეს".

ევროკავშირის სხვა ქვეყნის ლიდერებისგან განსხვავებით, ვიქტორ ორბანი ასევე გამოირჩევა ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო ურთიერთობითაც. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის ხელისუფლება უმეტესად ხმას აძლევდა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მან თავი შეიკავა რუსეთზე ისეთი მკაცრი თავდასხმებისგან, როგორც ეს სხვა დასავლელმა ლიდერებმა გააკეთეს.

ორბანმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკომისიის სანქციების პოლიტიკას "დამღუპველი" უწოდა და თქვა, რომ სანქციები "ზიანს აყენებს ევროპულ ინტერესებს".

ორბანი მიანიშნებს, რომ აშშ უკრაინისთვის ფინანსებისა და იარაღის მიწოდებით ომის მხარე გახდა და კონფლიქტი მანამ გაგრძელდება, სანამ უკრაინა ამერიკის მხარდაჭერას იღებს. მისი თქმით, სწორედ ამის გამო ომის შეჩერება მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს შეუძლია.

ვიქტორ ორბანის ასეთი დამოკიდებულება დონალდ ტრამპის მიმართ ახალი არ არის. უნგრეთის პრემიერი და ხელისუფლება ხშირად გამოთქვამენ იმედს, რომ რესპუბლიკური პარტია აშშ-ს ხელისუფლებაში დაბრუნდება.

კომენტარები