სამხრეთის გაზის დერეფანი

ალიევი: აზერბაიჯანი ხდება ევროპის საიმედო პარტნიორი გაზის მიწოდებაში

ილჰამ ალიევი
azertag.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ევროპისთვის  გაზის მიწოდებაში საიმედო პარტნიორი ხდება.

ბულგარეთის ქალაქ სოფიაში საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რასაც აზერბაიჯანის პრეზიდენტიც ესწრებოდა. 

ალიევმა, ასევე, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებასთან დაკავშირებით პარტნიორებთან კონსულტაციები დაიწყო. 

"უკვე დავიწყეთ კონსულტაციები პარტნიორებთან ტრანსანატოლიური გაზსადენის წლიური მოცულობის 16-დან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე და ტრანადრიატიკული გაზსადენის 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდასთან დაკავშირებით", - თქვა მან.

მანამდე, 18 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლეინმა და ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ახალ მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად

ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი მოიცავს ვალდებულებას, გაორმაგდეს სამხრეთ გაზის დერეფნის გამტარუნარიანობა, რათა აზერბაიჯანმა ევროკავშირს ყოველწლიურად მიაწოდოს მინიმუმ 20 მილიარდი კუბური მეტრი 2027 წლისთვის.

სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ინიციატივა ევროკომისიამ 2008 წელს წამოაყენა. მილსადენით ევროპას კასპის ზღვიდან მიეწოდება ბუნებრივი აირი. პროექტის მიზანი რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულების შემცირება და ენერგობაზრის დივერსიფიკაციაა. პროექტი სამი ნაწილისგან, სამხრეთ კავკასიის მილსადენის, ტრანსანატოლიური მილსადენის და ტრანსადრიატიკული მილსადენისგან შედგება. გაზის მთავარი წყარო კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ-დენიზის გაზსადენია.

კომენტარები