სამხრეთის გაზის დერეფანი

ალიევი: მინდა მადლობა გადავუხადო სამხრეთის გაზის დერეფნის ქვეყნებს, ერთი გუნდივით ვმუშაობთ

ილჰამ ალიევი
azertag.az

აზერბაიჯანში, ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალის ევროკომისრები, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ხორვატიის, უნგრეთის, მონტენეგროს, რუმინეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, უკრაინის და თურქმენეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სამხრეთის გაზის დერეფანი 2020 წლის მიწურულს დასრულდა და მისი დასრულების შემდეგ აზერბაიჯანმა ექსპორტის გაზრდა შეძლო. პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს აზერბაიჯანმა ექსპორტზე გაიტანა 19 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, აქედან 8.5 მილიარდი – თურქეთში და თითქმის 7 მილიარდი – იტალიაში. დანარჩენი პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნებს, საქართველოს, საბერძნეთს და ბულგარეთს, მიეწოდა.

ალიევმა ასევე მადლობა გადაუხადა ევროკომისიას პროექტში ჩართულობისთვის.

"ასევე მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ შარლ მიშელს რეგიონში ენერგოუსაფრთხოების პროექტების მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა მას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში პირადი ჩართულობისთვის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტში მონაწილე ქვეყნების – თურქეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთის და იტალიის მთავრობებს. ჩვენ ნამდვილად ერთი გუნდივით ვმუშაობთ." –თქვა ალიევმა.

სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ინიციატივა ევროკომისიამ 2008 წელს წამოაყენა. მილსადენით ევროპას კასპის ზღვიდან მიეწოდება ბუნებრივი აირი. პროექტის მიზანი რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულების შემცირება და ენერგობაზრის დივერსიფიკაციაა. პროექტი სამი ნაწილისგან, სამხრეთ კავკასიის მილსადენის, ტრანს-ანატოლიური მილსადენის და ტრანს-ადრიატიკული მილსადენისგან შედგება. გაზის მთავარი წყარო კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ-დენიზის გაზსადენია.

კომენტარები