ევროკავშირი

ლაიენმა და ალიევმა მემორანდუმი გააფორმეს – სამხრეთის გაზის დერეფნის მიწოდება ორმაგდება

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ენერგეტიკის საკითხებში კომისარი, კადრი სიმსონი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ალჰამ ალიევს და ენერგეტიკის მინისტრს, პარვიზ შაჰბაზოვს შეხვდნენ. მხარეებმა ხელი მოაწერეს ახალ მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად. 

"დღეს, ამ ახალი ორმხრივი მემორანდუმით ვხსნით ახალ თავს აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაში, რადგან ის არის მთავარი პარტნიორი რუსეთის წიაღისეულის საწვავისგან თავის დაღწევის მცდელობაში. ჩვენ არა მხოლოდ ვცდილობთ გავაძლიეროთ ჩვენი არსებული პარტნიორობა, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირისთვის გაზის სტაბილურ და საიმედო მიწოდებას სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით. ჩვენ ასევე ვქმნით გრძელვადიან პარტნიორობას ენერგოეფექტურობასა და სუფთა ენერგიაზე, რათა პარიზის შეთანხმების მიზნებს მივაღწიოთ. თუმცა ენერგეტიკა არ არის ერთადერთი სფერო, სადაც შეგვიძლია აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაძლიერება. მოუთმენლად ველი ჩვენი ურთიერთობის სრული პოტენციალის გამოყენებას". - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. 

ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი მოიცავს ვალდებულებას, გაორმაგდეს სამხრეთ გაზის დერეფნის გამტარუნარიანობა, რათა აზერბაიჯანმა ევროკავშირს ყოველწლიურად მიაწოდოს მინიმუმ 20 მილიარდი კუბური მეტრი 2027 წლისთვის.

"ეს ხელს შეუწყობს დივერსიფიკაციას და დაეხმარება ევროპას, შეწყვიტოს დამოკიდებულება რუსულ გაზზე. გაძლიერებული ენერგეტიკული თანამშრომლობის საფუძველზე, აზერბაიჯანი უკვე ზრდის ევროკავშირში ბუნებრივი აირის მიწოდებას 2021 წელს 8,1 მილიარდი კუბური მეტრიდან 2022 წელს მოსალოდნელ 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე". - ვკითხულობთ ევროკომისიის განცხადებაში. 

კომისია დიდი ხანია მხარს უჭერს სამხრეთ გაზის დერეფნის გაფართოებას, როგორც მთავარ პარტნიორს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და, პოტენციურად, ასევე დასავლეთ ბალკანეთში ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, საიმედო და პროგნოზირებად მიწოდებაში.

კომენტარები