რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ენერგოატომი: რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი დააკავეს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური
REUTERS/Alexander Ermochenko/File Photo

ენერგოატომის ინოფრმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი რუსულმა პოლიციამ დააკავა. ენერგოატომის ხელმძღვანელის, პეტრო კოტინის თქმით, იგორ მურაშოვი გუშინ, 30 სექტემბერს ევროპის უდიდესი ატომური სადგურიდან ქალაქ ენერგოდარში მიმავალ გზაზე დააკავეს.

"ის მანქანიდან გადმოიყვანეს და თვალებახვეული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს". - წერს კოტინი Telegram-ზე.

კოტინის ცნობით, მურაშოვის ამჟამინდელ ადგილმდებარეობასა და მდგომარეობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება. მისივე თქმით, მურაშოვს სადგურის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე მთავარი და ექსკლუზიური პასუხისმგებლობა ეკისრება, შესაბამისად, მისი დაკავება უკრაინისა და ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის სახიფათოა. 

ენერგოატომის ხელმძღვანელმა რუსულ ძალებს ქარხნის ხელმძღვანელობისა და პერსონალის მიმართ ბირთვული ტერორისტული აქტების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა. 

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. დაწესებულების უკრაინელ ინჟინრებს მუშაობის გაგრძელება რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლოთ.

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა ბოლო მოქმედი ორი ენერგობლოკი. 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

11 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა კიდევ ერთხელ სრულად შეჩერდა. ენერგოატომი აცხადებდა, რომ უკრაინის სისტემა რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

IAEA-ს ცნობით, ახლა ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივი შეჩერების რეჟიმში მუშაობის, თუმცა უსაფრთხოებისთვის მათ ელექტროენერგია მაინც სჭირდება. 5 სექტემბრის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოჯახებსა და ქარხნებს ელექტროენერგიით აღარ ამარაგებს.

კომენტარები