რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებული რეგიონების ანექსიის გამოცხადების შემდეგ, აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

REUTERS/Alexander Ermochenko

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებულ ასობით ფიზიკურ პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა

"ჩვენ არ შევეგუებით პუტინის მიერ მიწების თაღლითურად მიტაცებას", - აღნიშნა აშშ-ს სახაზინო მდივანმა, ჯანეტ იელენმა გავრცელებულ განცხადებაში.

ფსევდო რეფერენდუმისა და უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევის მცდელობის გამო აშშ-მ სანქციები დაუწესა 14 ადამიანს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, ქვეყნის ცენტრალური ბანკის ორ ლიდერს, უმაღლესი თანამდებობის პირების ოჯახის წევრებს და რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს 278 წევრს. 

სანქცირებულთა სიაში მოხვდა ვიცეპრემიერი ალექსანდრე ნოვაკი; სახელმწიფო სათათბიროს 109 წევრი; რუსეთის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭო და მისი 169 წევრი; და რუსეთის ცენტრალური ბანკის გუბერნატორი ელვირა ნაბიულინა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცალკე განცხადებაში აღნიშნა, რომ მან სავიზო შეზღუდვები დაუწესა 900-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო ძალების წევრებს. განცხადების თანახმად, აშშ-მ "რუსეთის მარიონეტებს უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევის გამო" ქვეყნის საზღვრის კვეთა აუკრძალა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა. პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ფედერალური საბჭო მხარს დაუჭერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას. 

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა, პუტინთან ერთად, ხელი მოაწერეს რუსეთთან შეერთების ე.წ. დოკუმენტს.

კომენტარები