რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კაია კალასმა ვლადიმირ პუტინი ქურდობაში დაადანაშაულა

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ქურდობაში დაადანაშაულა.

"დავაკვირდეთ რუსეთის უკანონო ანექსიის მასშტაბებს. ოფიციალური მოსკოვის თქმით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მისი ზომაა 108 800 კმ-ა, რაც დაახლოებით გერმანიის 30% ან კორეის რესპუბლიკის ზომაა, თუ მას ყირიმს დავუმატებთ, შეგვიძლია გერმანიის დაახლოებით 40%-ს შევადაროთ.

მოდით, მოვლენებს სწორი სახელები დავარქვათ. რუსეთი ევროპის რუკის შეცვლას ცდილობს. ეს მიწის მიტაცებაა. ეს არის ქურდობა. პუტინი იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯით უკრაინაში ომს ლეგიტიმურს გახდის. საერთაშორისო საზოგადოება ამას არასოდეს აღიარებს". - თქვა კალასმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ოკუპირებული ოლქების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების განკარგულებას.

ეს ქმედება წინ უსწრებს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიის ცერემონიას, რომელიც დღეს, 30 სექტემბერს კრემლში გაიმართება.

23-27 სექტემბერს მოსკოვმა უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში: დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ჩაატარა რუსეთთან შეერთების ფსევდორეფერენდუმები, რომელთა "შედეგებით" ამ ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება "გადაწყდა".

პუტინს უკვე აღიარებული აქვს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ოთხი ოლქიდან ვერცერთს სრულად ვერ აკონტროლებენ, მარიონეტულ ადმინისტრაციებს პრეტენზიები კი ოლქის მთელ ადმინისტრაციულ საზღვრებზე აქვთ.

რუსეთმა მსგავსი ფსევდორეფერენდუმი აქამდე 2014 წელს ყირიმში ჩაატარა. 

ე.წ. რეფერენდუმების დანიშვნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფდა. ამას გარდა, პუტინი დასავლეთს კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები