რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბში ახლო მომავალში ფრონტზე ესკალაციას ელიან

უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე, 2022 წლის 20 ივლისი.
ANATOLII STEPANOV/AFP VIA GETTY IMAGES

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში ელიან, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების ჩატარების შემდეგ, რუსეთი ფრონტზე ესკალაციას დაიწყებს.

ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის ბრიგადის გენერალმა, ოლეკსი გრომოვმა ბრიფინგზე ისაუბრა.

"აგრესორ ქვეყანაში მობილიზაციის ღონისძიება გრძელდება. ფსევდორეფერენდუმების ჩატარებისა და მოწინააღმდეგის მიერ საკუთარი ძალების დაჯგუფებების გაფართოების შემდეგ, არ გამოვრიცხავთ სიტუაციის ესკალაციას". – თქვა გრომოვმა. 

გრომოვის თქმით, ესკალაცია, პირველ რიგში, გამოხატული იქნება მოწინააღმდეგის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანით და დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიების დაკავების გაძლიერებული მცდელობებით.

ე.წ. რეფერენდუმი რომელიც დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში 23-27 სექტემბერს ჩატარდა და მოსკოვის სასარგებლო "შედეგებით" დასრულდა, ამ რეგიონების რუსეთთან შეერთებას, მათ ანექსიას გულისხმობს.

რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ოთხი ოლქიდან ვერცერთს სრულად ვერ აკონტროლებენ, მარიონეტულ ადმინისტრაციებს პრეტენზიები კი ოლქის მთელ ადმინისტრაციულ საზღვრებზე აქვთ.

რუსეთმა მსგავსი ფსევდორეფერენდუმი აქამდე 2014 წელს ყირიმში ჩაატარა. 

ახალი ტერიტორიების ანექსიის ცერემონია კრემლში 30 სექტემბერს ჩატარდება.

ე.წ. რეფერენდუმების დანიშვნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფდა. ამას გარდა, პუტინი დასავლეთს კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები