კატარი 2022

პროტესტი კატარს: დანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე შავი მაისურებით ითამაშებს

Pulse

დანიის საფეხბურთო ნაკრები მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საპროტესტო მაისურებით იასპარეზებს. სპორტულმა კომპანია Hummel-მა, რომელიც ნაკრების ჩაცმულობაზე ზრუნავს, წითელი და შავი ფერის ფორმები წარადგინა. 

"დანიის ნაკრების ახალი მაისურებით გვსურს პროტესტი გამოვთქვათ. ფორმებს თითქმის არ ექნება დეტალები, ლოგო კი მკრთალი იქნება, არ გვსურს ჩვენი ნაკრების ფორმა ჩანდეს ტურნირზე, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასევე გვექნება შავი ფერის ფორმაც, შავი გლოვის ფერია. ჩვენ მხარს ვუჭერთ დანიის ნაკრებს, მაგრამ პროტესტს ვუცხადებთ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ კატარს". – წერია Hummel-ის განცხადებაში.

დანიის ფეხბურთის ფედერაციამ 2021 წლის ნოემბერში პირობა დადო, რომ კატარის ჩემპიონატზე კრიტიკული მესიჯებით წარდგებოდა. ჯგუფურ ეტაპზე დანიის მეტოქეები საფრანგეთის, ავსტრალიისა და ტუნისის ნაკრებები იქნებიან. მაისურის ფერის არჩევა ნაკრებს მხოლოდ ტუნისთან შეეძლება. 

FIFA-ს წესების მიხედვით მსოფლიო ჩემპიონატზე, საფეხბურთო ფორმაზე პოლიტიკური შინაარსის ტექსტის დაწერა ან სიმბოლოს გამოსახვა აკრძალულია. 

კატარში მსოფლიო ჩემპიონატი არაერთმა სპორტსმენმა და ფეხბურთის სპეციალისტმა და გულშემატკივარმა გააკრიტიკა. მასპინძელ ქვეყანაში სტადიონები რეკორდული დროში, მონური შრომის ხარჯზე აშენდა. მშენებლების უმეტესობა აზიელი და აფრიკელი მიგრანტები იყვნენ. სტადიონების მშენებლობისას კატარში სხვადასხვა მონაცემებით ათასობით ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა სიცხის გამო ჩემპიონატი ზაფხულის ნაცვლად ნოემბერში გაიმართება, რაც დამატებით დატვირთვაა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ზამთრის პერიოდში საკუთარი ქვეყნების ლიგებში თამაშობენ. 

კომენტარები