დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედროებმა საზღვარზე ერთმანეთს ცეცხლი კვლავ გაუხსნეს

აზერბაიჯანელი სამხედრო და პოლიციელი ქალბაჯარის რაიონში, 2020 წლის 21 დეკემბერი.
Reuters

სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები ერთმანეთს საზღვარზე კვლავ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 28 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 28 სექტემბრის 18:00-ზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის გახსნეს ქალბაჯარის რაიონში განლაგებული აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით. მათივე ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ზომები მიიღეს.

აზერბაიჯანის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიჭრა მათი ერთი სამხედრო.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 28 სექტემბერს, 18:00-დან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახნეს სომხური პოზიციების მიმართულებით, ნაღმტყორცნებისა და დიდი კალიბრის იარაღით, რაზეც საპასუხო ზომები მიიღეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სროლის შედეგად მათმა მხარემ სამი ადამიანი დაკარგა.


15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია. 14 სექტემბრის 20:00-დან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიმშვიდეა.

სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. აზერბაიჯანი სომხეთს მასშტაბური დივერსიებისა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოქმედება ამ ყველაფრის პასუხად დაიწყეს. 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ბაზებზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით. მათივე მტკიცებით, სომხური დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანული ბაზების მაკავშირებელ გზებს ნაღმავდნენ. სამინისტრო პროვოკაციაზე, დაპირისპირებასა და დანაკარგებზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანი იყენებდა როგორც არტილერიას, ისე უპილოტო საფრენ აპარატებს. 

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის დასახლებებზე. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალები 11 სექტემბერს, საზღვარზე, ლაჩინისა და გადაბეის რაიონებში განლაგებულ აზერბაიჯანულ სამხედრო ნაწილებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანს კვლავ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ შენაერთებს ცეცხლი არ გაუხსნიათ.

მსგავსი ბრალდებები 11 სექტემბრამდე 3-4 სექტემბერსაც გავრცელდა. მაშინ აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა, ერევანი კი უარყოფდა. 6 სექტემბერს კი, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ცეცხლის გასხსნასა და 1 სამხედროს მოკვლაში დაადანაშაულა, რაც ბაქოში უარყვეს.

კომენტარები