რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფსევდორეფერენდუმების წინასწარი "შედეგების" უმრავლესობა რუსეთთან შეერთებას ემხრობა

სეპარატისტები დონბასის რეგიონში

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის ჩატარებული ფსევდორეფრენდუმების წინასწარი შედეგების უმრავლესობა რუსეთთან შეერთებას უჭერს მხარს.

ე.წ. ხმები ჯერჯერობით სრულად დათვლილი არაა, თუმცა ყველა ოლქში, დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში წინასწარი "შედეგებით" რუსეთთან შეერთებას 90%-ზე მეტი უჭერს მხარს. 

რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ოთხი ოლქიდან ვერც ერთს სრულად ვერ აკონტროლებენ, მარიონეტულ ადმინისტრაციებს პრეტენზიები კი ოლქის მთელ ადმინისტრაციულ საზღვრებზე აქვთ.

რუსეთმა მსგავსი ფსევდორეფერენდუმი აქამდე 2014 წელს ყირიმში ჩაატარა. 

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

ე.წ. რეფერენდუმების დანიშვნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფდა. ამას გარდა, პუტინი დასავლეთს კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები