საქართველო-რუსეთი

გომელაური: რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ დღეებში რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელ ადამიანთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა.

"დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5 000-დან 6 000 ადამიანამდე შემომსვლელი, ახალა გაიზარდა 10 000-მდე, სადღაც 40-45%-ით მოიმატა. [...] გუშინწინ იყო 11 200 ადამიანი, გუშინ, დაახლოებით, 10 000. გადის, დაახლოებით, 60%". – ამბობს გომელაური.

შს მინისტრის თქმით, რუსეთის მოქალაქეები ახლა თავს ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის პირობებში სამხედრო სამსახურში გაწვევას არიდებენ თავს, თუმცა მათი შეშვების შესახებ პოზიციები ევროპაშიც შეიცვალა და ამის შესახებ ქართული ოპოზიციაც უნდა ჩამოყალიბდეს.

"რომ ვთქვათ, რომ დღეს ყველაზე დიდი ციფრებია, ასე არ არის. ზაფხულში ტურისტები იყვნენ და არა სხვა მიზნით წამოსული ადამიანები, ჩვენი აზრით, ახლა არიდებენ თავს სამხედრო სამსახურში გაწვევას. მე ერთი კითხვა მიჩნდება და ეს ოპოზიცია ორად არის გაყოფილი, როგორც ჩანს, თუმცა მსოფლიოში, ევროპაში უკვე სხვანაირად ფიქრობენ და სხვა მიდგომებზე გადადიან. ზოგი ამბობს, რომ უნდა ჩავკეტოთ და საერთოდ აღარ შემოვუშვათ, ზოგი ამბობს, პირიქით, შემოვუშვათ, რომ ეს ხალხი არ წავიდეს ომში, არ მოკლან უკრაინელები, არ ებრძოლონ უკრაინელებს. ახლა ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, რომელი უნდათ – ან უნდა შემოვუშვათ, თუ უნდა შემოვუშვათ ეს ადამიანები". – თქვა გომელაურმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, ალბათობა არსებობს რომ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შემდეგ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდოს, თუმცა, შეიძლება, არც გაიზარდოს. გომელაური ასევე ამბობს, რომ ყველაზე გადატვირთული ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტია და ქვეყნის სხვა ნაწილებიდან რუსეთის მოქალაქეების მცირე რაოდენობა შემოდის.

"ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები მოდიოდნენ, წლებია დადიან საქართველოში. დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური? უარესი მასშტაბით იყო. ბატონი სააკაშვილი 2011-ში ხვდებოდა და თითო ბოთლ ღვინოს ურიგებდა მანქანებში რუსებს – შემობრძანდით, ხალხო, თქვენ რა შუაში ხართ, ეს პუტინია. რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის შემოდიოდნენ და დღეს დავკეტოთ? შემოდიოდნენ და შემოვლენ" – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა. ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. გასულ დღეებში გავრცელდა კადრები ჩრდილოკავკასიიდან, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოში გადმომსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რიგები ჩანდა. BBC ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მანქანების 10 კილომეტრის სიგრძის რიგია და გამშვები პუნქტის გავლას 2 000-ზე მეტი მანქანა ელოდება.

კომენტარები