რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

დაღესტანში სამხედრო მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე 20-მდე ადამიანი დააკავეს

დაღესტანში ადგილობრივი მოსახლეობა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციის წინააღმდეგ გამოსვლებს აგრძელებს.

BBC-ის რუსული ოფისის ცნობით, მახაჩყალისა და ხასავიურტის ქუჩებში ასობით ადამიანია გამოსული. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, მომიტინგეებსა და სამართალდაცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირების თაობაზეც. მათივე ცნობით, ხასავიურტში აქცია დაარბიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე 20-მდე პირია დაკავებული, მათ შორის, 2 ჟურნალისტი.


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ე.წ. რეფერენდუმებზე ხმის მიცემის პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები