რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ე.წ. რეფერენდუმებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.

რუსული მედიის ინფორმაციით, ხმის მიცემის შესაძლებლობა მოქალაქეებს ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან აქვთ.

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობას რეფერენდუმის ფარგლებში მხოლოდ ერთ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა: მხარს უჭერთ თუ არა რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტის სახით?

ამასთან ერთად, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში კი სამი კითხვა იქნება დასმული : გსურთ თუ არა უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?.

რეფერენდუმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც 2014 წლის ყირიმის რეფერენდუმი, ეწინააღმდეგება როგორც რუსეთის, ისე უკრაინის კანონმდებლობას. რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, რეფერენდუმის ინიცირება, ორგანიზება და ჩატარება შესაძლებელია მინიმუმ ოთხი თვით ადრე. რაც შეეხება უკრაინის კანონმდებლობას, უკრაინის კონსტიტუციის 73-ე მუხლი ადგენს, რომ ქვეყნის ტერიტორიის შეცვლის საკითხი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ სრულიად უკრაინულ რეფერენდუმზე.

ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ "ბირთვული შანტაჟის" გაგრძელების შემთხვევაში მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს. 

ასევე, 20 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართებოდა. ამ ინფორმაციის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ ამავე ვადაში იგეგმება ე.წ. რეფერენდუმის ხერსონში ჩატარებაც.

კომენტარები