რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Meduza: რუსეთი 1.2 მილიონი ადამიანის მობილიზაციას აპირებს

მობილიზაცია
Reuters

რუსული ოპოზიციური მედიის, Meduza-ს ინფორმაციით, რუსეთი, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, არმიისთვის 1.2 მილიონი ადამიანის მობილიზაციას აპირებს. გამოცემა ამ ინფორმაციას აქვეყნებს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომელსაც კავშირი აქვს ფედერაციის სამინისტროებთან. 

ამას გარდა, Meduza-სთან ქალაქი მოსკოვის ხელმძღვანელობასთან ახლო მყოფმა პირმა ანონიმურად თქვა, რომ მოსკოვში 16 000-მდე ადამიანის მობილიზაციას აპირებენ. ოპოზიციური მედიის მოპოვებული ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში აპირებენ 3 200 ადამიანის მობილიზაციას. 

Meduza-ს წყაროს თქმით, ოლქების სამმართველოებიდან გაცემულია ხალხის მინიმუმის აყვანის რეკომენდაცია. მან ასევე აღნიშნა, რომ ძირითადად ხალხს იყვანენ სოფლებიდან, სადაც მედიის წვდომა არაა, არაა ოპოზიცია და არსებობს მეტი მხარდაჭერა.

გავრცელებულ ინფორმაციას 1.2 მილიონი ადამიანის მობილიზაციის შესახებ კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ტყუილი უწოდა. 

აქამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000-მდე ადამიანის გამოძახებას აპირებდნენ, რაც ერთბაშად არ მოხდებოდა.

თუმცა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის განკარგულებაში, რომელიც 10 პუნქტს მოიცავს, მე-7 პუნქტი საჯარო არაა. მისი შინაარსი ჟურნალისტებთან კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა არ გაასაჯაროვა, თუმცა თქვა, რომ ეს პუნქტი ეხება გამოძახებულ მოსამსახურეთა რაოდენობას.

"ვერ ავხსნი... ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია: სერგეი შოიგუმ საკუთარ ინტერვიუში თქვა – 300 ათასი ადამიანიო. სწორედ იქ საუბარია 300 000-მდე ადამიანის რაოდენობაზე, თუმცა, როგორც თავდაცვის მინისტრმა ახსნა, ეს ერთბაშად არ მოხდება". – უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტების კითხვებს.


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები