რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

კრემლი არ განმარტავს ნაწილობრივი მობილიზაციის განკარგულების მე-7, საიდუმლო პუნქტს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის განკარგულებაში, რომელიც 10 პუნქტს მოიცავს, მე-7 პუნქტი საჯარო არაა. 

"სამსახურებრივი მოხმარებისთვის". – წერია დოკუმენტში მე-7 პუნქტის გასწვრივ.

გასაიდუმლოებულ პუნქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კითხვები კრემლის სპიკერს, დმიტრი პესკოვს დაუსვეს, თუმცა მისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს. პესკოვმა მხოლოდ განმარტა, რომ ეს პუნქტი გაწვეული რეზერვისტების რაოდენობას ეხება.

"ნამდვილად, ის (მე-7 პუნქტი) სამსახურებრივი მოხმარებისთვისაა, ამიტომაც, არ შემიძლია გავამხილო". – თქვა პესკოვმა. 

"ვერ ავხსნი... ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია: სერგეი შოიგუმ საკუთარ ინტერვიუში თქვა – 300 ათასი ადამიანიო. სწორედ იქ საუბარია 300 000-მდე ადამიანის რაოდენობაზე, თუმცა, როგორც თავდაცვის მინისტრმა ახსნა, ეს ერთბაშად არ მოხდება". – უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტების დამატებით კითხვებს.

21 სექტემბერს ვლადიმი პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი დღეს, 21 სექტემბერს დაიწყება. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრიცი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები