რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოიგუ: რუსეთის დანაკარგი 5 937 ადამიანია

სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის დანაკარგი 5 937 ადამიანია.

"არ შემიძლია არ ვახსენო დანაკარგები. დანაკარგი 5 937 ადამიანს შეადგენს". – თქვა შოიგუმ. 

ამას გარდა, შოიგუს მტკიცებით, უკრიანამ ნახევარი არმია დაკარგა. 

"საწყის ეტაპზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 201-202 ათასი ადამიანი იყო. ამ დროისთვის მათი დანაკარგი 100 000-ზე მეტია. აქედან 61 207 დაღუპულია და 49 368 დაჭრილი". – თქვა შოიგუმ.

დასავლური და უკრაინული წყაროებით რუსეთის დანაკარგი ომში 15 000-დან 50 000-მდე მერყეობს. 

ასევე, შოიგუს გამოთვლებით, რუსეთს 25 მილიონი ადამიანის მობილიზაცია შეუძლია. 

"უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი გვაქვს, უფრო სწორად, მათი რესურსი, ვინც მსახურობდა, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს, ვისაც სამხედრო პროფესია აქვს, ასეთები დაახლოებით 25 მილიონი გვყავს". – თქვა შოიგუმ. 

შოიგუს თქმით, რუსეთი უკრაინაში მოქმედებებისთვის 300 000 კაცის მობილიზაციას აპირებს. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ მან სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი დღეს, 21 სექტემბერს დაიწყება. 

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები