რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

Reuters

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ მან სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.

"ამ სიტუაციაში, აუცილებლად ვთვლი შემდეგი გადაწყვეტილების მიღებას, ის სრულიად ადეკვატურია იმ საფრთხეების მიმართ, რომელთა წინაშეც ვართ, კერძოდ, ჩვენი სამშობლოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, ჩვენი ერის უსაფრთხოებისა და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის უსაფრთხოების უზრნუველსაყოფად, აუცილებლად მიმაჩნია მხარი დავუჭირო თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შემოთავაზებას, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ". – თქვა პუტინმა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი დღეს, 21 სექტემბერს დაიწყება. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

პუტინის მტკიცებით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება უზრუნველყონ.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

კომენტარები