მიანმარი

მიანმარში სამხედრო თვითმფრინავმა სკოლის შენობას ცეცხლი გაუხსნა – დაღუპულია 11 ბავშვი

Unicef-ის ცნობით, მიანმარში სამხედრო თვითმფრინავმა ერთ-ერთი სკოლის შენობას ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმას, სულ მცირე, 11 ბავშვი ემსხვერპლა, 15 კი ამ დრომდე დაკარგულია.

როგორც BBC წერს, სამხედრო თვითმფრინავიდან ჯარისკაცებმა სკოლას ცეცხლი გასულ პარასკევს გაუხსნეს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, იმ რეგიონში მოხდა, რომელსაც ამბოხებულები აფარებენ თავს.

მიანმარის სამხედრო ხუნტის განმარტებით, თავდასხმის სამიზნეს ამბოხებულები წარმოადგენდნენ, რომლებიც მათი ინფორმაციით ზემოხსენებულ სკოლას აფარებდნენ თავს.

გავრცელებეული ინფორმაციით, თავდასხმას ბავშვების გარდა 6 ზრდასრულიც ემსხვერპლა, მათ შორის, 5 კაცი და 1 ქალი.


 

პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ უშიშროების ძალები მომაკვდინებელ ძალას იყენებს. ადგილობრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის ცნობით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ უშიშროების ძალებმა 860 ადამიანი მოკლეს, დაკავებულია 5 000-მდე ადამიანი.

ხუნტისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მიანმარის ეროვნული ერთობის მთავრობამ სახალხო თავდაცვის ძალები ჩამოაყალიბა. სახალხო თავდაცვის ძალები ხუნტამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს მარტში სანქციები დაუწესეს. 17 მაისს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ მიანმარის სამხედრო ხუნტას დამატებითი სანქციები დაუწესა.

მიანმარის სამხედრო ხუნტამ ქვეყნის ყოფილ სახელმწიფო მრჩეველს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და დე ფაქტო ლიდერს, აუნ სან სუ ჩის 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის დაადანაშაულეს და ბრალდებულად ცნეს Covid-19-ის რეგულაციების დარღვევების წახალისებაში, ბუნებრივი კატასტროფების კანონის ქვეშ. 

კომენტარები