რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი ოკუპირებულ დონბასში "რეფერენდუმების" აუცილებლობაზე საუბრობს

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს

მედვედევის აზრით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარებითა და ამ მიწების რუსეთისთვის შეერთებით, მოხდება "მსოფლიოში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია".

"დონბასში რეფერენდუმებს აქვს დიდი მნიშვნელობა არა მხოლოდ ლსრ-ს, დსრ-სა და სხვა გათავისუფლებული ტერიტორიების მაცხოვრებელთა დაცვისთვის, არამედ ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის.

ისინი (რეფერენდუმები) სრულად ცვლიან რუსეთის განვითარებას ათწლეულების განმავლობაში. და არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის. რადგან, მათი ჩატარებისა და რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების მიღების შემდეგ, მსოფლიოში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია შეუქცევად ხასიათს მიიღებს. რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა – დანაშაული, რომლის ჩადენაც თავდაცვის ყველა ძალის გამოყენების ნებას იძლევა. თუმცა, არანაკლებს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შემდეგ, რუსეთის მომდევნო ვერცერთი ხელმძღვანელი, ვერცერთი ოფიციალური პირი ვერ შეძლებს ამ გადაწყვეტილების შეცვლას.

სწორედ ამიტომ ეშინიათ ამ რეფერენდუმების კიევსა და დასავლეთში. სწორედ ამიტომ არის მათი ჩატარება აუცილებელი". – წერს მედვედევი.

პარალელურად, ოკუპირებული დონეცკის მარიონეტი ლიდერის, დენის პუშილინის თქმით, ე.წ. დსრ-სა და ლსრ-ში დაიწყეს აქტიური მზადება ე.წ. რეფერენდუმისთვის. აქამდე, გასულ დღეს რეფერენდუმის დაუყოვნებელი ჩატარება მოითხოვეს მარიონეტული ლსრ-სა და დსრ-ს ე.წ. საზოგადოებრივმა პალატებმა. 

20 სექტემბერს ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მარიონეტული პრორუსული ხელმძღვანელობისგან ოკუპირებული ხერსონის ე.წ. საზოგადოებრივმა საბჭომაც მოითხოვა.

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 19 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, რუსული ძალების მარიონეტების მიერ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ანექსიაზე აქტიური საუბარი მიუთითებს, რომ "უკრაინის ჩრდილოეთში მიმდინარე კონტრიერიში მარიონეტულ ძალებსა და კრემლის გადაწყვეტილებების ზოგიერთ მიმღებს პანიკაში აგდებს".

უკრაინის კონტრიერიშამდე როგორ ამზადებდა რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები