რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: პუტინი ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, რომ უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო

Reuters

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ვლადიმირ პუტინი ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, რომ უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო. ამის შესახებ შოლცმა ბრიფინგზე, პუტინთან 90-წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რომ იქ გაიზარდა იმის შეგრძნება, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო. ვერ დავინახე იმის ნიშნები, რომ იქ შეხედულებები შეიცვალა". - თქვა შოლცმა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, რუსი სამხედროების უკრაინიდან გამოყვანა რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად ერთადერთი შანსია. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრაზე აზრი არ შეუცვლია, მასთან საუბარი მნიშვნელოვანია.

"სწორია, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ და ამ საკითხზე ის ვთქვათ, რაც სათქმელია". - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გარდა ამისა, შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება "გადამწყვეტი" იყო და უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე მიმდინარე კონტრშეტევაში დიდი როლი ითამაშა.

კომენტარები