კანონი მოსმენების შესახებ

პარლამენტის თავმჯდომარემ ე.წ მოსმენების კანონს ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ე.წ მოსმენების კანონს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, ხელი მოაწერა. ამის შესახებ პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"დღეს ხელი მოვაწერე კანონს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. როგორც იცით, პრეზიდენტმა ამ კანონთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 ივნისს გამოიყენა ვეტო, რომელსაც მან პოლიტიკური ვეტო უწოდა, რითაც ხაზი გაუსვა, რომ მას არ ჰქონდა ამ კანონის მიმართ სამართლებრივი შენიშვნები, თუმცა, მისი მიღება პოლიტიკურად მიზანშეუწონლად მიაჩნდა, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან ესმოდა კრიტიკა ამ კანონის განხილვის პროცესის ტემპის და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის შესახებ. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მიმართა ვენეციის კომისიას, რათა მას მიეწოდებინა საკუთარი მოსაზრებები ამ კანონთან დაკავშირებით. 26 აგვისტოს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მისი მოსაზრებები ამ კანონთან დაკავშირებით. ისევე, როგორც პრეზიდენტის ვეტოში, ვენეციის კომისიამაც ვერ დაადგინა წინააღმდეგობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან. ამასთან, ვენეციის კომისიამაც, საქართველოში ცალკეულ აქტორებთან მის გასაუბრებაზე დაყრდნობით, გაიმეორა მოსაზრება კანონის მიღების ტემპთან და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს არის ის აღქმა, რის ჩამოყალიბების მცდელობაც, სამწუხაროდ, ამ კანონის მიმართ იყო". - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის მტკიცებით, ე.წ მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევად არაა მიღებული. რადგან, მისივე განმარტებით, ცვლილების პროექტი ინიცირებული იყო 13 აპრილს და ინიციატორებს არ მოუთხოვიათ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. პაპუაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა სტანდარტული წესით.

"უფრო მეტიც, პროექტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის და ჩვენი პარტნიორების თხოვნით, განხილვის პროცესი სამი კვირით გახანგრძლივდა. საბოლოოდ, პარლამენტმა კანონი ინიცირებიდან 2 თვეში, ხოლო ვეტოს დაძლევის გათვალისწინებით, 5 თვეში მიიღო, რაც ყველაფერია, გარდა სიჩქარისა". - ამბობს პაპუაშვილი.

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის იურიდიული და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელი დასკვნის მიხედვით, მოსმენების შესახებ კანონპროექტი მიღებულია ნაჩქარევად და მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას.

7 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატების ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებებს შემდგომში ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიისგან 1 ივლისს სასწრაფო დასკვნა მოითხოვა.

მიღებული კანონპროექტით, გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები.

კანონპროექტი და მისი დაჩქარებულად მიღება უარყოფითად შეაფასეს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებმაც.

კომენტარები