საქართველო-ევროკავშირის

ჰარცელი კოდექსში ცვლილებებზე: გარანტიების გარეშე ზღუდავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

EU Delegation to Georgia

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა. ელჩის თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მიღებული ცვლილებები ზრდის იმ სამართალდარღვევათა რაოდენობას, რომელთა მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც, მისი განმარტებით, ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. 

"მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა  უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება ლეგიტიმური იყოს, შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკმარისი გარანტიების გარეშე". - წერს ევროკავშირის ელჩი. 

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა საქართველოს პარლამენტს კანონპროექტთან დაკავშირებული შეშფოთება გაუზიარა და კონსულტაციებით შესთავაზა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა. 

"ვწუხვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ კანონპროექტის მიღება მსგავსი კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა". - დამატებით აღნიშნა ელჩმა. 

ჰარცელის თქმით, საქართველოს პარლამენტი აგრძელებს დაჩქარებული წესით კანონპროექტების მიღებას, აუცილებელი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე.

გუშინ, 7 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატების ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი  78 დეპუტატმა დაუჭირა. მიღებული კანონპროექტით, გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. 

ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

კომენტარები