რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: კიევისთვის მიწოდებული გერმანული იარაღი უკრაინაში საბრძოლო ვითარებას ცვლის

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ისრაელის პრემიერმინისტრი იაირ ლაფიდი
Annegret Hilse/AFP/Getty Images

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინმა კიევს ძალიან ეფექტიანი იარაღი მიაწოდა, რომელიც ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო ვითარებას ცვლის. ამის შესახებ კანცლერმა ბერლინში, ისრაელის პრემიერმინისტრ იაირ ლაფიდთან ერთობლივ კონფერენციაზე ისაუბრა

"ის, რაც ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ, Gepard-ის საზენიტო ტანკი, თვითმავალი ჰაუბიცები და სხვა, არის ის იარაღი, რომელიც აღმოსავლეთის ბრძოლაში უკრაინის წინსვლას ხელს უწყობს". - თქვა შოლცმა. 

ასევე, შოლცის თქმით, გერმანია უკრაინას დამატებით Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს.

გასულ კვირებში კიევი დასავლელ პარტნიორებს თანამედროვე საბრძოლო ტანკების მიწოდებისკენ მოუწოდებდა, თუმცა, გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ქრისტინ ლამბრეხტი უკრაინაში Leopard-ის ტიპის ტანკების გაგზავნაზე უარს აცხადებს. 

"უკრაინისთვის დასავლეთის მიერ წარმოებული ქვეითი საბრძოლო მანქანები ან საბრძოლო ტანკები არცერთ ქვეყანას არ მიუწოდებია ". - თქვა ლამბრეხტმა საგარეო ურთიერთობათა გერმანიის საბჭოში (DGAP) ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის პანელზე. 

შოლცმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გერმანია პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობით უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იქამდე, სანამ ამის საჭიროება იარსებებს. 

კომენტარები