რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუნდესტაგის კომიტეტის თავჯდომარეები მთავრობას მოუწოდებენ, კიევს უფრო აქტიურად დაეხმარონ

Shutterstock

უკრაინის მიერ ოკუპანტების წინააღმდეგ მიმდინარე წარმატებული კონტრშეტევის პარალელურად, ბუნდესტაგის დეპუტატები მთავრობას უკრაინის დასახმარებლად მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. 

საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის, მიხაელ როთის თქმით, ძალზედ რეალისტურია, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს როგორც დემოკრატიულმა სახელმწიფომ და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. 

"ომის ამ ახალ ფაზაში, უკრაინას სჭირდება იარაღი, რომელიც მას საშუალებას მისცემს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები გაათავისუფლოს და საკუთარი კონტროლის ქვეშ სამუდამოდ შეინარჩუნოს. დასავლეთმა, კერძოდ კი აშშ-მ, გერმანიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა სწრაფად უნდა ითანამშრომლონ და ახალ ვითარებას მოერგონ". – თქვა როთმა.

ამის შესახებ ასევე ისაუბრა თავდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, თავისუფალი დემოკრატების წევრმა მარი-აგნეს სტრაქ-ციმერმანმა. მისი თქმით, გერმანიას ეკისრება პასუხისმგებლობა, დემოკრატიის შენარჩუნებას შეუწყოს ხელი.

"გერმანიამ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს საკუთარი როლი უკრაინის წარმატებაში და მიაწოდოს მას ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ლეოპარდ 2-ის საბრძოლო ტანკები". – თქვა მან გერმანულ მედიასთან.

უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვია და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავა, რაც  აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის შედეგად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მეტია. 

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის სამხედრო ძალების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის დაბრუნებამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ რუსეთი დონეცკისისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარებას შეძლებს.

კომენტარები