რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მეუფე სტეფანე: მინდა, უკრაინის გამარჯვებები მოგილოცოთ

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ქადაგებისას უკრაინელი სამხედროების მიერ რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ განხორციელებულ კონტრშეტევასა და მათ მიერ ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის დაბრუნებას გამოეხმაურა. მიტროპოლიტმა მრევლს უკრაინის გამარჯვებები მიულოცა და თქვა, რომ უსამართლო და არასწორი ქმედებების გამო, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს.

"მინდა, უკრაინის გამარჯვებები მოგილოცოთ იმიტომ, რომ რეალურად დღეს უკვე უკრაინაში, როგორც ჩვენ ვხედავთ, სერიოზული წინსვლა და უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება მიმდინარეობს. როდესაც უკრაინაზე ეს უგუნური შეტევა დაიწყო, მე თავიდანვე ვთქვი, რომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთმა და რუსეთის ხელისუფლებამ ძალიან დიდი სისულელე ჩაიდინა. ეს უბრალოდ ასე არ დარჩება, შეუძლებელია, რომ ამას პასუხი არ გაეცეს და საბოლოო ჯამში, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს იმიტომ, რომ უსამართლო და არასწორი ქმედებები ჩაიდინა როგორც ჩვენ მიმართ, ასევე უკრაინის მიმართაც. სხვათა შორის, უწმინდესმა უთხრა იქ ხელისუფლებას, რომ რასაც ჩვენ წინააღმდეგ აკეთებთ, ბუმერანგივით მოგიბრუნდებათო. ახლა ფაქტია, რომ ეს ბუმერანგი ნელ-ნელა უტრიალდებათ. მაგათ ახლა ძალიან მძიმე ვითარება აქვთ. იმ მარცხის გამო, რომელიც რუსეთს აქვს, ქვეყანაში სერიოზული არეულობა აქვთ. როდესაც რუსეთი ჩვენ თავს დაგვესხა, ვინც მხარი დაგვიჭირა, თავისთავად ჩვენი სახელმწიფოს მხარდამჭერია და შესაბამისად, ჩვენც ყველას დავუჭერთ მხარს, ვის წინააღმდეგაც შეიარაღებული ძალებით შეიჭრებიან, დაბომბავენ და ხალხს დაუხოცავენ. ასეთი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია. ღმერთმა გააძლიეროს უკრაინა და უკრაინელი ხალხი და მალე დაამთავროს ომი ისე, რომ ის უკრაინის საზღვრების აღდგენით დასრულდეს. სადაც უკრაინელები იყვნენ, იქ დაბრუნდნენ თავის საზღვრებში. უფალს ვთხოვოთ, ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ ჩვენც შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება". - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მეუფე სტეფანემ აგრეთვე ისიც თქვა, რომ ქართული ეკლესია რუსეთის მხარდამჭერი არ არის.

"ასე უნდათ მონათლონ, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ კაცი კაცზე არ უნდა გათხოვდეს, ამიტომ ჩვენ რუსეთის მომხრეები ვართ. ტყუილია, არ ვართ რუსეთის მომხრეები. შეიძლება, რუსეთიდანაც იგივე პრობლემები იყოს და იგივე ამბავი იქაც ხდება. ის, რომ რაღაცაში ჩვენი და მათი აზრები დაემთხვევა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რუსეთის პოზიცია გვიკავია. უბრალოდ, ჩვენ ვამბობთ იმას, რასაც საუკუნეების განმავლობაში ვამბობთ, რომ სოდომისტური პროპაგანდა და ზოგადად, სოდომური ცოდვა ღვთის წინაშე დანაშაულია". - ამბობს მეუფე სტეფანე.

მიმდინარე წლის იანვარში მეუფე სტეფანე აცხადებდა, რომ საქართველო არავის ინტერესებს არ უნდა გადაყვეს, ვინც ფსევდო იდეებით ადამიანებს ერთმანეთს ახოცინებს. მეუფე სტეფანე ამბობდა, რომ ასეთ დღის წესრიგში არც ამერიკაა მართალი, არც ევროკავშირი, არც რუსეთი და არც საქართველო და მიზანია ის, რომ ადამიანებმა ადამიანური სახე დაკარგონ. მან ასევე თქვა, რომ საქართველოსთვის ოკუპანტი ქვეყანა მხოლოდ რუსეთი არ არის.

მიმდინარე წლის მარტში კი მეუფე სტეფანემ თქვა, რომ ვინც ამბობდა, რომ საქართველოს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და ლოცვაზე მეტის გაკეთება შეეძლო, ის საქართველოს გაწირვას ლამობდა.

აგრეთვე, მიმდინარე წლის მარტში მეუფე სტეფანემ რუსეთ-საქართველოს ომიც გაიხსენა და თქვა, რომ საქართველოს მხრიდან უაზრო ურაპატრიოტული ქმედებები და შეჩხიკინება რომ არ ყოფილიყო და სხვანაირად გვემოქმედა, შესაძლოა, ახლა 30 კილომეტრში რუსეთის ჯარი არ მდგარიყო. მან თქვა, რომ გონიერი ხელისუფლების პირობებში არც კოდორი და არც ახალგორი არ უნდა დაკარგულიყო.

კომენტარები